დღეს, პარლამენტის სხდომის ერთადერთი საკითხი, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაა
დღეს, ორ თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველი პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაა.
საკითხს პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი წარადგენს. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება და დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (50 დეპუტატი).
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ოპოზიციონერი დეპუტატები საკუთარი გადაწყვეტილებით ითხოვენ და მანდატებზე უარის თქმით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შემდეგი დეპუტატები ითხოვენ: - თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, შალვა ნათელაშვილი, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ლევან ხაბეიშვილი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თემურ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.
იმავდროულად, “მოქალაქეების“ სიით გასულმა ორმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტის საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს. მანდატებზე უარი არ უთქვამთ “გირჩის“ საარჩევნო სიით გასულ პარლამენტის სამ წევრს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სალომე მუჯირს.