მიგვაჩნია, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია - ინალ არძინბა
ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან ომის ალბათობას შეაფასებს, როგორც მაღალს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვიდრე საქართველოსთან ჟენევის დისკუსიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, (რომელიც ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი) ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს“, - აღნიშნა არძინბამ.
მისი თქმით, აფხაზეთი მზადაა, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოაწეროს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
ინალ არძინბამ ისიც აღნიშნა, რომ აფხაზეთში მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც ტოვებენ რესპუბლიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, მუდმივად იზრდება.
„მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - განაცხადა მან.
არძინბას მტკიცებით, დონბასის „თავისუფლება“ აფხაზი მოხალისეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რათა ე.წ.მეორე ფრონტი გაიხსნას.