როგორ უნდა შემცირდეს გაზის ფასი - ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს
პრაღაში 7 ოქტომბერს გამართულ არაფორმალურ სამიტზე, ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევაზე, მაგრამ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, როგორ შემცირდეს გაზის ფასი.
ევროპის კავშირის 27 ქვეყნიდან უმეტესობას გაზის ფასების შეზღუდვა სურს, რათა ბუნებრივი აირის რუსეთიდან მოწოდების შემცირების ფონზე, ფასების მკვეთრ ზრდას გაუმკლავდეს.
ევროპის კავშირი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის შეზღუდვას, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ შეთანხმდნენ, როგორ გაეკეთებინათ ეს, განხილვას შედეგი არ მოჰყოლია.
გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასები მკვეთრად იმიტომ გაიზარდა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა.
ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის კავშირს შესთავაზა ზომები - მათ შორის, რუსული გაზის იმპორტზე ფასების შემცირება, სხვა გაზის იმპორტზე ფასების შემცირება, ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის შეზღუდვა და ბლოკში გაზის ტრანზაქციების ფასის შემცირება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ევროპის კავშირმა უნდა შეამციროს ელექტროენერგიის ფასები, მაგრამ არ არსებობს შეთანხმება, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენონ ამისთვის. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიქაილ მარტინმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევამდე ჯერ კიდევ "ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი".