პოლიტიკა
ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს
მარტინ გაბრიელიანი, რომელსაც 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობა უკავია, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. მისმა კუთვნილმა შპს „მეგობრობა-5”-მა, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1,390,861 ლარზე გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
მარტინ გაბრიელიანი 2013-2014 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მესამე მოადგილე იყო. 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან საკრებულოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში დააფუძნა შპს „მეგობრობა - 5“, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავადაა. კომპანია 2019 წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. ბიზნესის პარალელურად, გაბრიელიანი 2020 წლის პირველი სექტემბერიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფელ დილისკაში მერის რწმუნებულიც იყო, 2021 წლის პირველი აპრილიდან დღემდე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორია.
შპს „მეგობრობა - 5”-მა, 2019 წლის მაისიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალქალაქის საჯარო სკოლებში, ასევე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, 29 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,095,796 ლარით. აქედან, 14 ტენდერი 372,121 ლარზე (33.95%) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. კომპანიამ ახალქალაქში 271,242 ლარის (72.8%) ღირებულების 10 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ყველა პირდაპირი შესყიდვა მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ, მხოლოდ ახალქალაქის მერიიდან მიიღო. 2019-2020 წლებში, 7 გამარტივებული შესყიდვით შპს „მეგობრობა -5”-ს 295,065 ლარი დაერიცხა. ბოლო პირდაპირ შესყიდვაზე ხელშეკრულება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა მარტინ გაბრიელიანთან, 2020 წლის პირველ სექტემბერს, სოფელ დილისკაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69,889 ლარად გააფორმა. ამავე დღეს, მარტინ გაბრიელიანი მერმა ამავე სოფლის რწმუნებულად დანიშნა.
შპს „მეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები 2019-2022 წლებში:
მას შემდეგ, რაც გაბრიელიანი ჯერ დილისკას რწმუნებულად, შემდეგ კი ააიპ „ახალქალაქის დახურული საცურაო აუზის“ დირექტორად დაინიშნა, მისმა კომპანიამ 16 სახელმწიფო შესყიდვით 839,271 ლარი მიიღო, მათ შორის 7 შესყიდვით ახალქალაქის ბიუჯეტიდან 240,568 ლარი დაერიცხა. თუმცა, ამ პერიოდში, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებებს ხელს დირექტორის სახელით ჰრანტ გრიგორიანი აწერს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „მეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
Տարածեք :