აღსრულების ბიურომ "ალტ-ინფოს" 233 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტია "კონსერვატიულ მოძრაობას", რომელიც საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" სახელით არის ცნობილი, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის (217 482 ლარის) გადახდა მოსთხოვა. დოკუმენტი ბიურომ 25 იანვარს გამოსცა და პარტიას შვიდდღიანი ვადა მისცა.
დამატებით, "კონსერვატიულმა მოძრაობამ" უნდა გადაიხადოს აღსრულების საფასური (15 224 ლარი), რაც ჯამში 233 ათას ლარამდეა. ვადის ამოწურვის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს პარტიის ანგარიშების დაყადაღება შეეძლება.
"სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება", - ამ ინფორმაციას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე.