პოლიტიკური თანამდებობის პირებს შესაძლოა ხელფასები გაეზარდოთ
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. ,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის დადგენა იგეგმება.
როგორც დეპუტატები განმარტავენ, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.
,,პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა "საგადასახადო კოდექსით" დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში - 100 000 ლარს ზემოთ," - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება:
პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.