პოლიტიკა
ბალნეო-კლიმატურ კურორტ ურაველში, სახელმწიფო ქონება 106 000 ლარად იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ურაველში არსებული 10 543 კვ.მ.-ის ფართობის მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ 14 მარტს გამოიტანა. უპირობო აუქციონი 28 მარტამდე გაგრძელდება.
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს თან ერთვის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტების განვითარების სააგენტოს დაკვეთით Colliers Georgia-ს და დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული სოფელი ურაველის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, დოკუმენტის დამკვეთები და მისი ავტორები ბალნეო-კლიმატურ კურორტზე, ამ კონკრეტულ ადგილზე, ქონების პოტენციურ მყიდველს სასტუმროს პროექტის განვითარებას სთავაზობენ. მათი დაშვებით, დეველოპმენტის მთლიანი ხარჯი $5.3 მილიონს აღწევს, რომელიც დეველოპმენტის ორწლიან პერიოდზე განაწილდება.
„ვთვლით, რომ მიწის საუკეთესო გამოყენება იქნება იზოლირებული (getaway retreat) სპა სასტუმროს განვითარება, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ დარჩენას, ადგილობრივ სამზარეულოს, ტრანსფორმირებად საკონვენციო და მრავალფეროვან სპა ფუნქციებს შესთავაზებს. შეთავაზებული კონცეფცია გულისხმობს საშუალოზე მაღალი კლასის სასტუმროსა და ტყის ქოხების განვითარებას, რომლის მომხმარებლებადაც განვიხილავთ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს მოწყდეს ყოველდღიურ სამყაროს, იზოლირდეს და დაისვენოს კეთილმოწყობილ სასტუმროში სუფთა ჰაერზე, ისარგებლოს სპა და გამაჯანსაღებელი ფუნქციებით, ან/და ჩაატაროს საშუალო/მცირე ზომის ღონისძიება.
პოტენციურად, ამ სასტუმროს ვიზიტორები არიან საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე წყვილები, სპა და გაჯანსაღების მოყვარული ინდივიდები, საშუალო/საშუალოზე მცირე ზომის ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც გუნდის გაძლიერებისთვის ან/და კონფერენციისთვის ქალაქისგან მოშორებით ეძებენ საუკეთესო ადგილს. არსებული გარემოსა და შეთავაზებული ფუნქციური მიქსის გათვალისწინებით, ასევე ვფიქრობთ, რომ ობიექტი მიმზიდველი იქნება მცირე ზომის ქორწილებისთვისაც.
როგორც აღვნიშნეთ, ობიექტი გარშემორტმულია ტყის მასით, სადაც დღევანდელი მდგომარეობით უკვე არსებობს საფეხმავლო ბილიკები. აქ სეირნობა დამატებითი აქტივობა იქნება სასტუმროს მომხმარებლებისთვის. შესაძლებელია ასევე ამ ბილიკების კეთილმოწყობა, რაც უფრო სასიამოვნო გამოცდილების შემქმნელი იქნება სასტუმროს სტუმრებისთვის“, - აღნიშნავენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ავტორები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კურორტის განვითარებისთვის შემუშავებული დოკუმენტში სივრცითი განაშენიანების პროგრამაცაა წარმოდგენილი, რომელიც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 50-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გულისხმობს, აქედან 40 სტანდარტული ნომერი, 10 კი ტყის ქოხი უნდა იყოს. სასტუმროს უნდა ჰქონდეს სპა და გამაჯანსაღებელი ობიექტები 2 საპროცედურო ოთახი, 2 საუნა და საცურაო აუზი, რომელიც დახურულ სივრცეში განთავსდება და პატარა გარე თერმულ აუზს დაუკავშირდება.
„რესტორანი და ტერასული ბარი წარმოადგენს ძირითად საკვებ ობიექტებს (F&B), რომელთა ტევადობაც 72 და 67 შეადგენს, შესაბამისად. სასტუმროს შემოგარენში სხვა საკვები ობიექტები არ არის, ამიტომ სავარაუდოა, რომ სტუმრების უმეტესობა დღეში მინიმუმ ორჯერ ისარგებლებს სასტუმროს საკვები ფუნქციით. ვინაიდან სასტუმრო იზოლირებულია სოფლისგან და მისი მდებარეობა არ არის ცენტრალური, გარედან შემოსული სტუმრების ვიზიტები ნაკლებად სავარაუდოა.
მოსალოდნელია, რომ შემოთავაზებული ობიექტი მიმზიდველი იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ შეხვედრებისა თუ ღონისძიებების ჩასატარებლად შესაფერის ადგილს. აქედან გამომდინარე, ჩვენი რჩევაა, რომ ბოლრუმი/საბანკეტო დარბაზი 133 პერსონაზე, ხოლო საშუალო ზომის შეხვედრების ოთახი კი 33 პერსონაზე იყოს გათვლილი. ასევე რეკომენდირებულია მრავალფუნქციური დარბაზის მოწყობა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, როგორებიცაა მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ვიდეო თამაშები და ა.შ.
სასტუმროს ფოიეს მოწყობა რეკომენდებულია სასტუმროს უშუალო ტერიტორიის შესასვლელში, პატარა ბიბლიოთეკასთან ერთად, მთლიანი ფართობით 50 კვ.მ. მინერალური წყლის წყაროს ადგილი ასევე განიხილება ფოიეს სიახლოვეს.
სასტუმროს კონცეფციის დიზაინი მოითხოვს დაახლოებით 20 საპარკინგე ადგილს“, - აღნიშნავენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ავტორები და დასძენენ, რომ მიწის ნაკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით ამ ტერიტორიაზე განაშენიანების ფართობის კ-1 სრულად ათვისება არ არის რეკომენდებული, რადგან ბუნებრივ-ლანდშაფტური გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია.
დოკუმენტში საუბარია, როგორც კურორტის ადგილმდებარეობაზე, ასევე გარემოს ანალიზზე, რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენაზე, შემოგარენის ფუნქციურ ანალიზზე, ქვეყანაში ტურიზმის ტენდენციებზე და სხვა ფაქტორებზე. საპრივატიზაციო ქონების არეალი ასეა აღწერილი: ობიექტი მყუდრო და მოწყვეტილ, ტყით გარშემორტყმულ გარემოშია, რაც მას სხვადასხვა ფუნქციის განსავითარებლად მიმზიდველს ხდის. ნაკვეთზე 4 შენობა-ნაგებობაა რეგისტრირებული, რომელთაგან ერთის მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, ორი შენობა ფაქტობრივად დანგრეულია და მხოლოდ ერთი - სამსართულიანი შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აქედან, შესაძლებელია ცენტრალური შენობის შენარჩუნება და მისი განთავსების დანიშნულებით განვითარება. ამასთან, საპროექტო ტერიტორიაზე ეზო და მინერალური საბადოების ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი არ არის და ნაკვეთისთვის სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია - წერს ბიზნესმედია.
დოკუმენტის ავტორები ასევე წერენ:
- მიწის ნაკვეთის გარშემო წიწვოვანი ტყეა. შესაძლებელია ტყიდან მარშრუტების დაგეგმვა და როგორც საფეხმავლო, ჰაიკინგის, ისე ველობილიკების მოწყობა.
- საკვლევ მიწაზე, ასევე, წარმოდგენილია მინერალური წყლის საბადო, რომლის გამოყენებაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლებელია ბალნეოლოგიური მკურნალობისთვის აბაზანების სახით.
- ობიექტის ლოკაციიდან გამომდინარე, იგი სარგებლობს კარგი კლიმატური პირობებით, რაც გულისხმობს ზაფხულში საკმაოდ გრილ ტემპერატურას (ძირითადად არაუმეტეს 27 გრადუსისა).
- მიწის ფორმა იძლევა მრავალფეროვანი ფუნქციების განვითარების შესაძლებლობას. ქონების დიდი ნაწილი დატერასებულია, რაც გეგმარებისას აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი. თუმცა, მსგავსი მიწის მდგომარეობა იძლევა ასევე განსხვავებული სივრცეების განვითარების შესაძლებლობას.
- ობიექტის სიახლოვეს მდებარეობს ურაველის მდინარე და აღნიშნული შეიძლება გამოყენებულ იქნება წყლის აქტივობების განვითარების მიზნით.
- მიწის გარკვეულ ნაწილზე არის ტელეკომუნიკაციის პრობლემა და არ იჭერს ინტერნეტი. აღნიშნული პრობლემა არ არის კრიტიკული და გადაჭრადია.
ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში აღნიშნულია, რომ ურაველის მინერალური წყარო წყალი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სამკურნალო აბაზანების სახით და სასმელად გამოიყენებოდა. მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩამოსასხმელად, ასევე, ბალნეოლოგიური მკურნალობისთვის აბაზანების სახით.
Տարածեք :