მიღებულ კანონს სამცხე-ჯავახეთის საჯარო პირები ეხმიანებიან
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო, სოციალურ ქსელში სამცხე-ჯავახეთის საჯარო პირთა მისალოცი პოსტები გაჩნდა. სამხარეო რწმუნებული ბესო ამიანაშვილი ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კანონის მიღება სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება.
,,ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას! სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება ქართული კანონის მიღება და ამოქმედება. ყველაფერი, რაც მიმართულია ქვეყანაში არეულობის წახალისებისკენ, არის მოღალატეობრივი, ეწინააღმდეგება ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას და ღირსეულ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში. მშვიდობა საქართველოს" - წერს ბესო ამირანაშვილი.
მხარის რწმუნებულის მსგავსად, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი საფუძველზე ამახვილებს ყურადღებას ახალციხის მერი. ირაკლი ლაზარაშვილი წერს:
,,საქართველო, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის გზაზე ყოველთვის იყო ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია და მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი თვითმყობადობით, კულტურით, ეროვნული ფასეულობებით.
სწორედ გამჭვირვალობა და ხალხისადმი ანგარიშვალდებულებაა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი საფუძველი.
მიუხედავად, იმ გამოწვევებისა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, მყარად გავაგრძელებთ აღებულ კურსს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვას და აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი.
კი გამჭვირვალობას! კი სუვერენიტეტს!"- წერს ახალციხის მერი.
დღეს, 14 მაისს, ე.წ."აგენტების კანონი" პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 პარლამენტარი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს.