ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა - ლევან ხაბეიშვილი
სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, აკრძალულია რეჟიმში მუშაობა - მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას სურვილი აქვს პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დარჩეს და ამას ყრილობას შესთავაზებს.
,,ვერ მივცემ თავს უფლებას 2-3 თვის განმავლობაში, როცა არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული არ იყოს 24-საათიან მუშა რეჟიმში და შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება - მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას:
1. ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მინდა ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა.
ასევე, ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური რუტინული მუშაობა და ცხადია მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული გუნდთან ერთად. მე ყრილობას ვთხოვ ამ ორ ცვლილებაზე თანხმობას და ასევე, მინდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, ასიათასობით ადამიანს ვუთხრა, ფორსმაჟორში, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ ბრძოლას მოიგებს ქართველი ხალხი და მაქვს სურვილი, რომ აგვისტოს ბოლოდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო "ნაციონალურ მოძრაობას" და ახლა უკვე პარტიის ახალ თავმჯდომარეს ამ ბრძოლაში, 24-საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.