„ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაუჭირდებათ არჩევნებზე მუშაობა“ - პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე
კიდევ ერთი რეზოლუცია ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ - ამჯერად ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას რეზოლუციით განუცხადა, რომ მათ მიერ მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, აფერხებს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, ხელს უშლის 26 ოქტომბრის არჩევნების გამჭვირვალედ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, ამიტომ კანონი უნდა გაუქმდეს.
„ასამბლეა შიშობს, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვალად გადააქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირის შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში და ზრდის პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
საქართველოში პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ არაერთი მსგავსი რეზოლუციის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება არც კანონის გაუქმებას ფიქრობს და არც ევროპაში ინტეგრაციის ბედი აწუხებს. ნიკა ჩიტაძის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა-არშეცვლა არჩევნებსა და მის შედეგზეა დამოკიდებული.
„ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია პირველი არ არის. აქამდე არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც უკავშირდება რუსულ კანონს, მაგრამ მეეჭვება „ქართულმა ოცნებამ“ კანონი უკან გაიწვიოს, რადგან შეეცდება არჩევნები მოიგოს ნებისმიერ ფასად და ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამ კანონის მიზანიც ეს არის“, - ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.
რაც შეეხება ევროპის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ შესაძლო ფინანსური შეზღუდვების შემოღებას ან სხვა რეგულაციას, რისი მოლოდინიც არსებობს და რაზეც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებიც საუბრობენ. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დაანონსებულ შეზღუდვებს არჩევნების შემდეგ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ერთპიროვნულ მმართველობას ისევ მოქმედი მთავრობა მოიპოვებს.
„თუ ქართველები ისევ მმართველ პარტიას მისცემენ ხმას, გამოდის, რომ არ არიან მზად ევროპაში ინტეგრაციისთვის“ - გვეუბნება ნიკა ჩიტაძე.
მისივე თქმით, არჩევნებზე გაურთულდებათ მუშაობა მედიასაშუალებებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია აგვისტოში უნდა დაიწყოს, ორგანიზაციების უმრავლესობა კი ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.
„მგონია რომ, ევროპა ამ ყველაფერს დაუპირისპირებს უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებულნი და კანონი არ ეხებათ. ვფიქრობ, არჩევნებზე დიდი რაოდენობით უცხოური დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი“.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები უკვე აამოქმედა.