ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოს შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.
დებატების თემაა: „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხუთშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ.
„მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, პარტია კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და კანონის დანერგვის გამო, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ ასახელებს. თუკი „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის ინფორმაციაში.