ყოველი მე-4 დასაქმებული საჯარო სექტორშია
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გოგა თუშურაშვილმა განაცხადა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „საქსტატის“ რიცხვები აჩვენებს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმება მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა და 2022 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში სამსახური დამატებით 12.5 ათასი პირისთვის მოიძებნა.
იგივე „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 334 600 ადამიანი იყო დასაქმებული. გამოდის, რომ ქვეყანაში ამ პერიოდში ყოველი მეოთხე ადამიანი საჯარო სექტორში მუშაობდა.
გოგა თუშურაშვილი ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ „საქსტატის“ მონაცემები რეალურ სურათს არ ასახავს და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 320.5 ათასი. მაგალითად, IDFI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების მონაცემებს ემყარება, მინიმუმ 400 ათასი ადამიანი მუშაობდა საჯარო სექტორში.
„საქსტატის“ მონაცემები არის სამუშაო ძალის გამოკვლევით მიღებული განზოგადებული მონაცემი, სადაც ცდომილების ალბათობა მაღალია. თუ დავაკვირდებით ფაქტობრივ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ეს ცდომილება საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. მაგალითად, ბოლოს რომ შევისწავლეთ სხვადასხვა უწყების მონაცემები, დავადგინეთ, მინიმუმ 400 ათასი ადამიანია სახელმწიფო სექტორში დასაქმებული, თან ეს მონაცემები არ მოიცავს მუნიციპალიტეტების აიპებში დასაქმებულებს. მონაცემების აჩვენებს, რომ ბიუროკრატიული აპარატი ყოველწლიურად მზარდია" - ამბობს თუშურაშვილი.
როგორც მანვე აღნიშნა, შესაძლებელია საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ისე შემცირება, რომ ერთი მხრივ გამორიცხული იყოს უფლებამოსილებების დუბლირება, ხოლო მეორე მხრივ ეფექტურად განხორციელდეს სტრუქტურების მართვა. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და რეფორმები.