როგორ აირჩევენ საქართველოს ახალ პრეზიდენტს
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წევრები.
კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, რომ კანდიდატი პირველივე ტურში აირჩეს, მან კოლეგიის წევრთა ხმების 2/3 მაინც უნდა მოაგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი 2/3-ს ვერ მოაგროვებს, მეორე ტური გაიმართება.
პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევის დღის მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება. სახელმწიფოს მეთაური თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
სახელისუფლო პარტია “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.