აშშ საქართველოში დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს – მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას – აგებენ პასუხს.
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია და მათი ერთგულება საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცეა.
"ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება, მათი კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისათვის მიყენებული სერიოზული დაზიანებების შესახებ ცნობები. მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი.
ამერიკის შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს – მათ შორის ისინი, ვინც ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას – აგებენ პასუხს. გარდა იმისა, რომ ვაგრძელებთ აქამდე გამოცხადებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ემზადება მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად”, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.