ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ ხვალ დებატებს გამართავს
ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.
დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.
გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება.