„აამოქმედეთ რეალური სანქციები" - დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა – დეპუტატებმა შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და კომისიას მოუწოდეს „რეალური სანქციების” ამოქმედებისკენ.
ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” მზარდი ძალადობა არა სიძლიერის, არამედ „პანიკის” ნიშანია.
„გასულ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სასტიკად დაესხა თავს მთავრობის ხულიგანთა ჯგუფი, მათ შორის „ქართული ოცნების” ე.წ. დეპუტატი. გახარია დატოვეს დასისხლიანებული, გატეხილი ძვლებით, მას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა ერთეული ინციდენტი – გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეები დააკავეს, აწამეს და ციხეებში ჩასვეს. მათი დანაშაული? უკვე 55-ე დღე ქვეყნის ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩებში გამოსვლაა. და მე ამ ადამიანების გამბედაობა ვიხილე – ისინი ერთად იბრძვიან ამ ევროკავშირში მათი მომავლისა და ამ ევროპარლამენტში მათი წარმომადგენლობის უფლებისთვის" - განაცხადა კრემერმა სიტყვით გამოსვლისას.
არანაკლებ მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ სხვა ევროპარლამენტარებიც. პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიჰალ ვავრიკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას წაიკითხა ამონარიდი მზია ამაღლობელის წერილიდან:
„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“, – მამაცი ქართველი ჟურნალისტის შთამბეჭდავი სიტყვები გვახსენებს, როგორი სერიოზული ვითარებაა დღეს საქართველოში. ის დგას ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მე კი ვდგავარ მასთან და ყველა შესანიშნავ ადამიანთან ერთად თბილისისა თუ ბათუმის ქუჩებში. და უბრალოდ, ვიტყვი: დღეს მე ქართველი ვარ"- თქვა ევროპარლამენტარმა.