გაეროს გენერალური მდივანი მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს თანამდებობებს ულოცავს
ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას, ხოლო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოც წერილებში.
„მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მისაღწევად.
რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება პრიორიტეტად დარჩება, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევით“, - წერს ანტონიო გუტერეში.
ანტონიო გუტერეში აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას მხარს უჭერს.
„მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი.
ერთად, ჩვენ შეგვიძლია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის პრინციპების განვითარება, იმავდროულად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს ვუჭერ. თქვენი მოვალეობების შესრულებისას წარმატებებს გისურვებთ“, - წერს ანტონიო გუტერეში.
აღნიშნულ წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.