ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა - შეხვედრა დროზე ადრე დასრულდა
თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამდე ნავარაუდევი იყო, რომ ტრამპი და ზელენსკი ხელს მოაწერდნენ შეთანხმებაზე, რომლითაც შეერთებულ შტატებს ექნებოდა წვდომა უკრაინის წიაღისეულზე, უკრაინა კი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა.
BBC-ის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკი, ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი მწვავე რეპლიკებით გამოირჩეოდნენ ერთმანეთის მიმართ.
ვანსიმ ზელენსკის უთხრა, რომ ის უპატივცემულობას იჩენს. ტრამპი კი დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება და სათანადოდ არ ავლენს მადლიერებას.
მანამდე ტრამპმა უპასუხა კითხვას უკრაინის იარაღით დახმარების შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს დახმარებას, მაგრამ იმედია, ეს დიდხანს აღარ მოუწევთ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული კამათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის წყაროს ცნობით, გაუქმდა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციაც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
„მადლობა ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო.უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, - წერს ზელენსკი.
პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - დაწერა ტრამპმა.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრას უკვე გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის ლიდერებისგან.