სააპელაციო სასამართლომ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს, მორიგება შესთავაზა
სააპელაციო სასამართლოში გიორგი კოპაძის საჩივარი განიხილეს, რომლითაც ყოფილმა მერმა, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სხდომას გიორგი კოპაძის ადვოკატი დავით მუმლაძე და ჯიმშერ გოგოლაური დაესწრნენ. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა. ლევან გვარამიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა. ამისთვის მათ ერთი თვე აქვთ. შემდეგი სხდომა შვიდ მარტს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ოთხ მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქალაქის ყოფილი მერი მოსამართლე გია ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რომლის მიხედვითაც, მას „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა.
აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო დავა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო.
მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.