თამარაშვილის ქუჩაზე დატოვებულ სამშენებლო ნარჩენებს ადგილობრივებმა საყოფაცხოვრებო ნაგავი დაამატეს
07.06.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სამსართულიანი კორპუსის წინ ცემენტის ტომრები, სილა და სამშენებლო ნარჩენები ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაგავი მუშებმა მაშინ დატოვეს, როცა სადარბაზოს მოწყობის და ფასადის შეღებვის სამუშაოები ჩაატარეს. სამშენებლო ნაგავს კი ადგილობრივებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაუმატეს.
კობა გელაშვილი თამარაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მას და მის მეზობლებს ნაგავსაყრელად ქცეულმა ადგილმა დისკომფორტი შეუქმნა. საცხოვრებელი სახლის წინ სამშენებლო მასალის გარდა ბავშვის საფენები, პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ყრია.
„ყველას გვაწუხებს აქ დაყრილი ნაგავი, დაველოდებით სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, თუ არადა ჩვენი ძალებით შევძლებთ გადავყაროთ“, - გვითხრა კობა გელაშვილმა.
„მეცხრე არხთან“ საუბრისას ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ სამშენებლო მასალა მაწანწალა ძაღლების თავშესაფრად იქცა.
„სახლები გაგვიფერადეს, ნაგავი რაც მოშალეს, ყველაფერი ფანჯრების წინ დააგროვეს და წავიდნენ. თუ ვინმეს ყუთი და პამპერსი გამოაქვს ყველა ამ ადგილას ყრის. მთლი ნაგავი სახლში შემოდის. ძაღლები მოდიან და აქ შარდავენ“,- ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები.
„კომპანიას ვესაუბრეთ და გვითხრეს ეგ ნაგავი მანდ არ დარჩება, აუცილებლად გადავყრითო“, - ამბობს რევაზ არველაძე.
ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ მშენებელი კომპანია არაფერ შუაშია. ნაგავი, რომელიც მათ ეზოშია, ერთ-ერთმა მეზობლმა დაყარა. „მუშებმა სამუშაოს დასრულებისთანავე ნაგავი „კამაზით“ გაიტანეს და ტერიტორია დაასუფთავეს, მოგვიანებით ერთ-ერთმა მეზობელმა სახლი გაარემონტა, სამშენებლო მასალები კი ეზოში დაყარა“,- ამბობს ერთ ერთი მოსახლე.
თამარაშვილის #7-ში მცხოვრებ შუახნის კუკური კოვზიაშვილს, სამშენებლო მასალის დაყრაზე მეტად, მეზობლების თვითშეგნება აწუხებს.
„უსინდისოდ იქცევა მოსახლეობა, მერე რა ნაგავი რომ ყრია, ხომ შეუძლიათ აიღონ და გადაყარონ“,- ამბობს ის.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებზე ინფორმაცია აქვთ. თვითმმართველობაში განგვიმარტეს, რომ ნაგავი მუშებს პერიოდულად გააქვთ. „ჩვენ როგორც ვიცით, ნაგვის გატანა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რადგან ყოველდღე ამას ვერ ახერხებენ‘’,- გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კომპანიამ, რომელმაც თამარაშვილის ქუჩაზე სამუშაოები შეასრულა გვითხრა, რომ სადარბაზოს გარემონტება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სამუშაოები არ დასრულებულა. „მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფს ადგილზე მუშები არ დახვდნენ. მოსახლეობამ გვითხრა, რომ ბოლო დღეებია აქ არავინ გამოჩენილა. „დავიღალეთ ყოველ კვირას ნაგვის გატანით. კორპუსი სახლი არაა რომ ყოველდღე ასუფთაო, როგორც კი დასრულდება ფასადების გარემონტება მაშინვე გავიტანთ სამშენებლო ნარჩენებს“,- გვითხრა შპს “ABBEKA“-ს მთავარმა ინჟინერმა გიორგი მეკერიშვილმა. მისი თქმით, სამშენებლო სამუშოები თამარაშვილის ქუჩაზე, ათ დღეში დასრულდება.სამშენებლო ნარჩენებისგან ქუჩა ამის შემდეგ გაიწმინდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.