შვიდი თვეა, რაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა. ამ დროის განმავლობაში, ახალციხის ტექდათვალიერების ცენტრში მისული მანქანებიდან, 30%-მა კანონით დადგენილი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა და შესაბამისად, შემოწმება ვერ გაიარა.
მოშლილი სამუხრუჭე სისტემა, დამტვრეული საქარე მინები, გაუმართავი ელექტროობა, მუქი ფერის გამონაბოლქვი და ვიზუალური პრობლემები - ახალციხეში ავტომობილები ტექდათვალიერებას ძირითადად, ამ მიზეზებით ვერ გადიან.
„მძღოლებს ვაფრთხილებთ, რომ ჩვენს მიერ მიცემულ ერთი თვის ვადაში ჩაეტიონ, მოაწესრიგონ მანქანა და ისე მოვიდნენ ხელახლა ტესტირებაზე. რიგები აღარ არის, დღეში 50 მანქანას რომ ვემსახურებოდით, ახლა 25 მოდის“, - გვითხრა შპს „მესხეთის“ დირექტორმა ნუგზარ აღდგომელაძემ.
ამჟამად, ახალციხის მუნიციპალიტეტს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთი ცენტრი ემსახურება. შპს „მესხეთში“ ამბობენ, რომ 1-ლი იანვრიდან 31 ივლისამდე მათთან 6 997 ავტომობილი მივიდა. აქედან შემოწმება გაიარა 4 826 მანქანამ, უვარგისი აღმოჩნდა 2 162 ავტომობილი, 9 მათგანს კი გადაადგილება საერთოდ აეკრძალა.
შპს „მესხეთის“ გარდა, ახალციხეში დაახლოებით, ოთხი თვე იმუშავა „გრინვეის“ ინსპექტირების ცენტრმა. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში, მათთან 1 690 ავტომობილი მივიდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ ამბობენ, რომ ქვეყანა სავალდებულო ინსპექტირებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
„არასამთრავრობო ორგანიზაციებმა ტექნიკურ ინსპექტირებას მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ ჰაერის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო და და საგზაო შემთხვევები შემცირებულიყო. თუმცა დღეს ვდგავართ რამდენიმე პრობლემის წინაშე. ავტომობილები გადიან ინსპექტირებას და მეორე დღეს ისევ ტექნიკურად გაუმართავები არიან, შავად ბოლავენ. დიზელის ძრავიანში ბენზინს ასხამენ, რომ ტექდათვალიერება გაიარონ. ეს პროცესები ანგრევს სისტემას“, - ამბობს ასოციაცია „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების“ დირექტორი.
ახალციხეში, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ტექდათვალიერებამ ის შედეგი არ მოიტანა, რაც თავდაპირველად იყო გამიზნული. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ გამკაცრებული რეგულაციები ქალაქის ავტოპარკს უკვე დაემჩნა.
„აუცილებელი და დროული იყო ტექდათვალიერების დავალდებულება. ქალაქში ისეთი მანქანები დადიან, მოძრაობა რომ უნდა აეკრძალოთ. დარწმუნებული ვარ ეგენი ვერ გაივლიან ინსპექტირებას“. „ტექდათვალიერება მხოლოდ თანხის გადახდაა და პრობლემას არ მოხსნის“.
„საწვავის ხარისხს მიხედონ. თუ შევცვლით კატალიზატორს, მოვაწესრიგებთ ავტომობილს და ჩავასხამთ დაბინძურებულ საწვავს, ტექდათვალიერებას ვერ გავივლით და მძღოლებს დაგვბრალდება“, - ამბობენ ახალციხეში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები აქვს ჩასატარებელი. „მოსახლეობას არ მიეწოდება ინფორმაცია, რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი. სასურველი იქნებოდა სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად დადიოდნენ ინსპექტირების ცენტრებში და ადგილზე ეცნობოდნენ სიტუაციას“, - გვითხრა დავით მესხიშვილმა.
ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში ინსპექტირების სამი ცენტრი - ახალციხეში ბორჯომსა და ახალქალაქში ფუნქციონირებს. აჟამად ასპინძაში განტავსდა „გრინვეის“ მობილური ჯგუფი, რომელიც შემდეგ ადიგენში გადაინაცვლებს.
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ღირს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.