პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩაბარება ახალციხეშიც იქნება შესაძლებელი
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
კანონპროექტი მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფასაც გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა.
ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი საგზაო მოძრაობის რეალურ პირობებში - წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
ამასთან, როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალური მოძრაობის გადატანის პროცესში, მთავრობის პარტნიორი მუნიციპალიტეტებია - რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ქალაქებში მოხდეს გამოცდისთვის შესაბამისი მარშრუტების ინფრასტრუქტურულად მოწყობა.
გეგმის მიხედვით, პროექტის განხორციელებისთვის საპროგნოზო ბიუჯეტად 1 მლნ. ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული გამოცდის ორეტაპიანად გარდაქმნა, გამოცდის საფასურის გაზრდასაც იწვევს. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების - 90 ლარი. რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, თეორიული გამოცდის საფასური 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარი იქნება.