"სტუმრის მოსვლაც არ გინდა, რადგან წყალი არ გვაქვს" - ვალეში სასმელი წყლის დეფიციტია
12.08.2020
ახალციხის ქალაქ ვალეში წყლის ეკონომიურად ხარჯვა ისწავლეს. ადგილოვრივები ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან ონკანებში წყალი დილაობით, დაახლოებით 40 წუთი მოდის. ამ დროში კი 50 ლიტრამდე წყალს იმარაგებენ, რომელიც მთელი დღე უნდა იმყოფინონ. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ქალაქის წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში უნდა დაესრულებინა, თუმცა პროექტის დასრულების თარიღმა წლის ბოლომდე გადაიწია.
თუ ვალეში ცხოვრობთ და თქვენს უბანში წყაროა, - გაგიმართლათ. შეგიძლიათ წყალი სათლებით დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოიმარაგოთ. თამამად დახარჯავთ წყალს, თუ ავტომობილი გაქვთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სახლში წყალი დიდი ჭურჭლით მიიტანოთ.
„დღეში ვიღებ 20 ლიტრ წყალს, მეტს ვერა. 20 ლიტრი როგორ უნდა იმყოფინოს დღის განმავლობაში ოჯახმა, ყოველ დღე ბანაობა გინდა ამ სიცხეში“, - წუხს ვალეს მკვიდრი ფრიდონ მანველიშვილი.
„შეიძლება კვირაში ორჯერ გასკდეს მილი, წყალი ამოდის და აქაურობა იტბორება. მოდიან, აკეთებენ, მაგრამ მალევე სკდება. ძველი მილებია, გამოცვლა სჭირდება“, - გვითხრა ვალოდია კაჭკაჭაშვილმა.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ქალაქ ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ალგეთს“ სამუშაოებისთვის 14-თვიანი ვადა და 5 მლნ. ლარი ჰქონდა. პროექტი აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადები შეიცვალა. ეს შეამჩნიეს ადგილობრივებმაც.
„პროექტი მგონი შეჩერებულია. ამბობენ რაღაცას ვთხრითო, მაგრამ აქ მუშაობას და წყალს ჩვენ ვერ ვხედავთ. წყალი ისე მოწანწკარებს, სიმძლავრე არ ჰყოფნის რომ სახლებში ავიდეს“, - გვითხრეს ვალელებმა.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ პანდემიის დროს, ორი თვით შეფერხდა. ამ ეტაპზე მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე ორი თვე დარჩა.
„ვალეში წყლის რესურსის სიმცირე გვაქვს, რის გამოც მუდმივი წყალი არ არის. სამუშაოები ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცენტრალურ მაგისტრალს ვაშენებთ, რომ ჭაბურღილები დავაერთოთ. ეს პროექტი წყლის დებეტის გაზრდას ითვალისწინებს, ამიტომ რვა ახალი ჭაბურღილი გავაკეთეთ. წლის ბოლოს ვალეს 24-საათინი წყალი ექნება“, - ირწმუნება „საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დირექტორი. გიორგი გრიგოლაშვილის თქმით, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება და მოსახლეობას უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
ქალაქ ვალეში "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" 1 200-მდე აბონენტი ჰყავს. გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.