სამცხე-ჯავახეთის საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეები აღარ იმყოფებიან
სამცხე-ჯავახეთის საკარანტინე სივრცეები, რომელიც სასტუმროებშია გახსნილი, ორი დღეა თავისუფალია. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, თუ საჭიროება აღარ იქნება შესაძლოა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში გამოყენებული ეს რგოლი გაუქმდეს.
„საზღვარგარეთიდან ვინც ბრუნდებოდა, გადადიოდა საკარანტინე ზონაში რომ კარანტინის პერიოდი გაეტარებინათ იქ და ამის შემდეგ თავისუფლდებოდნენ, ამ ეტაპისთვის შეიცვალა ეს მიდგომა და ახალი წესის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, ვინც შემოდიან საზღვარგარეთიდან, ისინი პირდაპირ გადადიან თვითიზოლაციაში და არა საკარანტინე სივრცეში. შესაბამისად, საკარანტინე სივრცეებში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა. გვაქვს ერთეული შემთხვევები, მაგალითად, თუ არის უცხოეთის მოქალაქე და არ აქვს საქართველოში თვითიზოლაციისთვის საჭირო ფართი, ან საქართველოს მოქალაქეა და სახლში არ აქვს პირობები, რომ გაიაროს თვითიზოლაცია, ასეთი ერთეული შემთხვევებისთვის არის ამ დრომდე შემორჩენილი რამდენიმე საკარანტინე სივრცე. თუ საჭიროება აღარ იქნება, შესაბამისად საკარანტინე სივრცეები გაუქმდება" - განუცხადა „მეცხრე არხს“ გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში საკარანტინე სივრცეები ახალციხესა და ბაკურიანშია მოწყობილი.