„ჩემს ნათესებს ვტოვებ და მიწის მოსავლელად გერმანიაში მივდივარ“ - ფერმერები დამსაქმებლის მოლოდინში
27.03.2021
საქართველოდან გერმანიაში, სამთვიან სეზონურ სამუშაოზე აპრილში 25 ადამიანი გაემგზავრება. მათ შორის ვერ მოხვდნენ სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები. 25-ვე აპლიკანტი აჭარისა და გურიის რეგიონიდან შეირჩა. დასაქმების სააგენტოში ამბობენ, რომ გერმანელი ფერმერებისგან მუშახელზე მოთხოვნა ივნისიდან იქნება.
გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმების სურვილი 100 000-მდე პირმა გამოთქვა. მათგან 5 000 სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებელია. დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიიდან შემოსულია 467 ვაკანსია. უმეტესი ნაწილი მოსავლის აღება, დახარისხება, შეფუთვა და დასაწყობებაა. ამ სამუშაოსთვის შერჩეულ პირებს მუშაობა შტუდგარდსა და ბრანდენბურგში მოუწევთ.
გერმანელი დამსაქმებლის ზარს ელის ირაკლი ბალახაშვილი. ფერმერი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში შეძენილ ცოდნას ევროპაში წარმატებით გამოიყენებს. ახალგარდა მამაკაცი ადიგენის სოფელ კახარეთში მშობლებთან, ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იმ შემთხვევაში, თუ გერმანელი დამსაქმებელი მის კანდიდატურას შეარჩევს, 4 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ოჯახს ჩააბარებს და გერმანელ ფერმერს სამი თვით მოსავლის აღებაში დაეხმარება.
„ვფიქრობ, გერმანიიდან 10-12 ათას ლარს ჩამოვიტან, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რისი გაწირვაც მიწევს. ყველაფერს უნდა მოვწყდე, ოჯახს და სამშობლოს. საშინელებაა, გლეხი თავის მიწას დაუმუშავებელს ტოვებს და სხვაგან მიდის მიწაზე სამუშაოდ. ჩამოტანილი ფულით ისევ ის ელემენტარული პროდუქტები უნდა ვიყიდო, რომელიც აქ, მიწაზე მუშაობით მომყავდა“.
ბალახაშვილების საოჯახო მეურნეობაში ყველა წევრია ჩართული. შედეგიც არ აყოვნებს - შემოდგომით ტონობით კარტოფილსა და ხახვს იღებენ. მთავარი პრობლემაც აქ იწყება - ბოსტნეულის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ფერმერი ამბობს, რომ მოსახლეობას განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის დროს გაუჭირდა.
„ხალხს იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ კილოობით შეიძინოს პროდუქტი, ისე უჭირთ, კარტოფილს და ხახვს ცალობით ყიდულობენ“.
ირაკლი ბალახაშვილი თვეში ორჯერ, სამარშუტო ტაქსს მისივე მოყვანილი კარტოფილით, ხახვითა და ლობიოთი ტვირთავს და გასაყიდად დასავლეთ საქართველოში მიაქვს. იმერეთში იქამდე რჩება, სანამ ბოსტნეულს არ ამოყიდის. ფერმერმა დათვალა, რომ ქუთაისში ორი ვიზიტის შემდეგ, თვეში 400-500 ლარი რჩება. ეს კი იმ თანხაზე გაცილებით ნაკლებია, რასაც ბოსტნეულის მოსაყვანად ხარჯავს.
„ყველა გლეხი მოიყვანს 10 000 ლარის მოსავალს თავის მიწაზე, თუ პირობები შესაფერისი იქნება. ამ შემთხვევაში გლეხი საკუთარ ოჯახში, საკუთარ ქვეყანაში მაინც იქნება. აქამდე თურქეთში დავდიოდი სეზონურ სამუშაოზე, ჩაის საკრეფად. რთული იყო, ტელეფონის გამოყენების უფლება არ გვქონდა, ხელფასი დაბალი იყო. გაზაფხულზე კორონავირუსიც დაემატა და ვეღარ წავედი“.
გერმანიაში მუშაობის მსურველთა შორისაა ირაკლის მეზობელ სოფელ ლელოვანში მცხოვრები კახაბერ ბუიძე. 47 წლის კაცს ოჯახის დატოვება და სამშობლოდან სამი თვით წასვლა ბანკში აღებულმა რამდენიმე სესხებმა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ყველა გზა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მიწის ნაკვეთების დამუშავება ტექნიკის სიმცირის გამო უჭირს. პრობლემაა ნათესების დროული მორწყვა, მოსავლის შენახვა და რეალიზაცია. არც მესაქონლეობის საქმე აეწყო. სოფელში საძოვრების სიმცირის გამო, მხოლოდ რამდენიმე სული პირუტყვს შენახვას ახერხებს.
„ამ დროისთვის ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი დედაჩემის პენსია და ჩემი ცოლის გამოგზავნილი თანხაა, რომელიც წელწადზე მეტია ემიგრანტია. ცდილობს იტალიიდან როგორმე დაგვეხმაროს“.
გერმანიაში გამომუშავებული თანხით კახაბერ ბუიძე სესხების გადაფარვას და მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის ყიდვას აპირებს. იმედოვნებს, რომ სანამ გერმანიაში იქნება, ნათესებს მისი მშობლები და მცირეწლოვანი შვილები მოუვლიან.
ავთანდილ აბაშიძე ადიგენის სოფელ ჭელაში ცხოვრობს. სოფლის მეურნეობაში ბავშვობიდანაა ჩართული. ფერმერს საგანგაშო მაჩვენებლად მიაჩნია, რომ გერმანიაში მუშაობისთვის ათობით ათასი ადამიანია მზად.
„ერთ დღეში რომ 70 000 დარეგისტრირდა, ეს ქვეყნის კარგი მომავალია? მე ეჭვი მიჩნდება, ამას სახელმწიფო ხომ არ გეგმავს და შეგნებულად აკეთებს, საქართველო უქართველოდ - ამაზე უარესი რა უნდა გაგვიკეთონ? თურქეთს ან შაჰ-აბასს ამაზე უარესი რა გაუკეთებია? რას ველით უკეთესს“.
ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, არის თუ არა ხელსაყრელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეთავაზებული პირობები. შეცვლის თუ არა ფერმერების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას გერმანიაში, მოკლევადიანი სამუშაოები.
მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს და გერმანიის ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთახმება, გაჭირვებულ და შემოსავლის გარეშე მყოფ პირებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ადგილობრივების გარკვეულ ნაწილს პროგრამის ეფექტურობის არ სჯერა, ზოგიერთი კი საქართელოდან მუშახელის გადინებაზე წუხს. ისინი ამბობენ, რომ გერმანიაში დასაქმების შეთავაზების ნაცვლად, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები საქართველოშივე უნდა დაესაქმებინა.
გერმანიის დასაქმების პროგრამაში საქართველოს ჩართულობას მიესალმება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი. ეკონომისტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე დადებითად აისახება და ხელს შეუწყობს ევროპასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებას.
„საქართველოს ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები აქვს, ამიტომ ვფიქრობ, ქართველ მოქალაქეებს რაც შეიძლება მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ ევროპის ქვეყნებთან და ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“.
თუმცა, ეკონომისტი ფიქრობს, რომ პირობების დაუსტების შემდეგ, გერმანიაში წასვლა ყველა დარეგისტრირებულს არ მოუნდება.
„დარეგისტრირებულ მოსახლეობას კარგად არ აქვს გააზრებული თუ სად მიდიან. ისინი კონტრაქტით მიდიან, ამიტომ ბევრად რთული პირობები იქნება. დარეგისტრირებულებს აღურიცხავენ სამუშაო საათებს, მობილურის გამოყენების და ახლობლებთან კონტაქტის საშუალებას მხოლოდ გარკვეულ საათებში მისცემენ. ასევე, ანაზღაურებას მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიიღებენ“, - ამბობს ეკონომისტი პაატა შეშელიძე.
სამთვიანი დასაქმების პროგრამაზე 18-დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქეები რეგისტრირდებიან. გერმანიიდან გამოგზავნილ ვაკანსიებზე შეირჩევიან მოქალაქეები, რომლებსაც ნათესების მოვლის, მოსავლის აღების გამოცდილება აქვთ. პრიორიტეტი ენიჭებათ პირებს, რომლებმაც საბაზისო დონეზე იციან გერმანული ან ინგლისური ენა.
გერმანიაში დასაქმება გულისხმობს 5-6 სამუშაო დღეს კვირაში და 8-10 საათს დღეში. მინიმალურ ხელფასად კი საათში 9.50 ევროა განსაზღვრული, რომელსაც მოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. ყველა ამ პირობის მიუხედავად, საქართველოს მოქაალქეების ნაწილი მზადაა დატოვოს ოჯახი და სამი თვით გერმანიაში წავიდეს. მათი უმეტესობა მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევს. საზღვარგარეთ დასაქმებისთვის კი საკუთარი ნათესების და პირუტყვის დატოვება უწევთ. ამბობენ, რომ ეს პოსტპანდემიურ პერიოდში შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.