ქართული ენის ცოდნა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორ სწავლობს სახელმწიფო ენას არაქართულენოვანი მოსახლეობა, რას ითხოვენ ჯავახეთში მივლინებული მასწავლებლები და როგორია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი ჯავახეთში?
55 წლის ცირა მამაცაშვილი ახალქალაქის სოფელ დადეშში ქართულ ენას ასწავლის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჯავახეთში მივლინებული პედაგოგი 2013 წლიდან სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესებას, პირადი ურთიერთობებითაც ცდილობს. ფიქრობს, რომ ქვეყანაში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ერთმანეთთან სახელმწიფო ენაზე უნდა შეძლოს ურთიერთობა. სრულფასოვანი მოქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად კი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა მიიღონ.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა ღონისძიებების მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო. არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ქართული ენის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დადეშის სკოლის 24 მასწავლებელი და 107 მოსწავლე ,,ქართულ ენას დიდი ინტენსივობით სწავლობს“ - ამბობს ცირა მამაცაშვილი.
კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც სოფელ არაგვას მოსახლეობას სახელმწიფო ენას ასწავლის, მაია გელაშვილია. ცირა მამაცაშვილის მსგავსად, ჯავახეთში ისიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარგზავნილია. ახალქალაქში 2009 წელს მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩავიდა. გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მას მერე ცდილობს მოსწავლეები და მათი მშობლები სახელმწიფო ენის შესწავლის საჭიროებაში დაარწმუნოს.
პროგრამის ფარგლებში, 100-ზე მეტი კონსულტანტი და დამხმარე მასწავლებელი სამ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას ასწავლის. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 86 საჯარო სკოლაა, მივლინებული მასწავლებლები კი ნახევარსაც ვერ მოიცავენ. მაია გელაშვილი ფიქრობს, რომ არაგვას სკოლის 22 პედაგოგისა და 108 მოსწავლისთვის მარტო ქართული ენის მასწავლებელი კი არა, ქართული კულტურის ელჩია.
საქართველოში ,,არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა“2016 წლიდან მიმდინარეობს. "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამებს, კიდევ ერთი მიმართულება - არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი გრძელვადიანი, ინტენსიური კურსები დაემატა. პედაგოგები, რომლებიც ჯავახეთის სკოლებში სახელმწიფო ენას ასწავლიან ამბობენ, რომ მასწავლებელთა ინტენსიურმა კურსებმა არაქართულენოვან პედაგოგებში კარგი შედეგი გამოიღო.
ჯავახეთში მივლინებულ მასწავლებელთა აზრით, მათი საქმე კიდევ უფრო გაამარტივა 1+4 პროგრამის დაწყებამ, რადგან მოსწავლეებს გაუჩნდათ მიზანი. თითოეული სკოლიდან, მინიმუმ სამი ბავშვი მაინც აბარებს ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად სირან მათევოსიანი დღეში შვიდ კილომეტრს გადის, რომ ლექციებს დაესწროს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ამ მანძილის გავლა, უამინდობაშიც ფეხით უწევს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალციხის სოფელ წირაში არ დადის.
ეს არ არის ერთადერთი ბარიერი, რომელიც 18 წლის სირანს, უნივერსიტეტში სწავლის გადაწყვეტილების მიღებისას შეექმნა. აბიტურიენტის სურვილს არა მხოლოდ თანასოფლელები, არამედ ბებია-პაპაც სკეპტიკურად უყურებდნენ. მეორეკურსელი სირანი იხსენებს, რომ არა დედ-მამის გვერდში დგომა, განათლების მიღებას ვერ შეძლებდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს, რადგან მხარი დამიჭირეს და სწავლის საშუალება მომცეს“.
სირანი ვერც ქართულის არცოდნამ შეაშინა. გოგო, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სახელმწიფო ენას სათანადოდ ვერ ფლობდა, ოჯახს კი მისი რეპეტიტორთან მომზადების საშუალება არ ჰქონდა. მეთორმეტე კლასელისთვის მარტივი არ იყო ქართულის დამოუკიდებლად სწავლა იმ გარემოში, სადაც ყველა მხოლოდ სომხურად ლაპარაკობს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სირანმა მხოლოდ ზოგადი უნარები, სომხურ ენაზე ჩააბარა და 1+4 პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად საკმარისი ქულა მიიღო. ერთი წლის განმავლობაში, ქართული ენის მომზადების კურსი გაიარა, შემდეგ კი სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.
სკოლის დასრულების შემდეგ, ანა არუთუნიანის 10 კლასელიდან, სამმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა. ერთმა უმაღლესი განათლების მისაღებად სომხეთზე შეაჩერა არჩევანი, სამმა კი რუსეთში წასვლა და მუშაობა არჩია. დანარჩენები ან დაქორწინდნენ, ან სოფლის მეურნეობაში ჩაებნენ.
ანამ სკოლის დასრულებამდე გაცილებით ადრე იცოდა, რომ სწავლას გააგრძელებდა. მომავალს საქართველოში ხედავს. შესაბამისად, სასწავლებლადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეარჩია. 1+4 პროგრამაზე ჩააბარა, რადგან სახელმწიფო ენა სრულყოფილად შეესწავლა.
„ქართულ ენას სკოლაში სულ სხვა პროგრამით გავდიოდით. ლიტერატურას, სამწუხაროდ არ ვსწავლობდით. ახლა სკოლაშიც წინსვლაა. ადრე ნაკლები საათები იყო ქართული ენის, დღეს ყოველ დღე ისწავლება. ადრე მეორე-მესამე კლასიდან ასწავლიდნენ და ახლა პირველი კლასიდან“.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2020-2021 სასწავლო წელს მოსამზადებელ პროგრამაზე 51-მა ეთნიკურად სომეხმა ჩააბარა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალციხის და ახალქალაქის ფილიალებში პროგრამაზე მოთხოვნა დიდია. იმდენად დიდი, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის გამოყოფილ ადგილებსაც საქართველოს სომეხი მოქალაქეები ავსებენ.
2017 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1+4 პროგრამაზე ჩააბარა 74-მა აბიტურიენტმა, 2018 წელს - 66-მა, ხოლო 2019 წელს - 73-მა.
1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება, ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება. ამ პროგრამით, უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ უმაღლესი განათლება საქართველოში გამარტივებული წესით მიიღონ. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში ქართული ენის მომზადების კურსს გადიან. 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში კი სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წელს 1+4 პროგრამით, საქართველოში, 247 აბიტურიენტმა ისარგებლა, 2019 წელს კი - 1 335-მა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხი მოქალაქიდან ქართულ ენას თავისუფლად მხოლოდ 16 676 ფლობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში 79 878-მა ეთნიკურად სომეხმა მიუთითა, რომ მისი მშობლიური ენა სომხურია. მათგან 71.5%-მა სახელმწიფო ენა სრულყოფილად არ იცის. ქართულს თავისუფლად ფლობს 20.8%. ამაზე უახლესი მონაცემი არ არსებობს.
რატომ არის სახელმწიფო ენის ცოდნა უპირატესობა, როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს მშენებლობაში და როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოებაში ინტეგრაცია - ეს ის საკითხებია, რაზეც ჰაიკუჰ მანასიანი საუბრობს. ჰაიკუჰიმ დადეშის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლობა 2006 წელს დაიწყო. კარგად იცის, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე სამშობლოში წარმატებას ვერ მიაღწევს. მოსწავლეებსაც იმას უხსნის, რომ წარმატებული და განვითარებული სამშობლო მათი ასაშენებელია.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებს სახელმწიფო ენას ასწავლის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაა, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ქართულ ენას სამ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში 2014 წლიდან ასწავლის. "სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის“ პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფო ენის სწავლების გზით ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების საერთო საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია და საჯარო სექტორში მომუშავე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. 2014-20 წლებში სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში სამცხე-ჯავახეთში 2 042 პედაგოგი და 2 074 მოსწავლე გადამზადდა.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მოქალაქეთა 13.2% სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, მათ შორის დომინანტური ჯგუფებია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხები 4.5% და ეთნიკური აზერბაიჯანელები 6.3%. ისინი კომპაქტურად ძირითადად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) კვლევებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. 2019 წლის მონაცემებით, გამოკითხული ეთნიკური სომხების 16% და ეთნიკური აზერბაიჯანელების 31% ასახელებს ქართულს, როგორც მეორე ენას, რომელსაც იყენებს. მედია პროდუქტი მომზადდა www.tv9news.ge-ს მიერ, ,„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“(PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში/ვიდეოში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.