საზოგადოება
ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება
12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე, რომელიც 12 აპრილიდან ამოქმედდება.
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 6 სამუშაო დღეა. თვეში ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5 300 შეკელს.
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ, 63 თვემდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საშუალო სკოლა დამთავრებული;
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არ მქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუკ გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.
Տարածեք :