ნინოწმინდის პანსიონატში 23 აღსაზრდელი დარჩა
ნინოწმინდის პანსიონატიდან 11 ივნისის მდგომარეობით 29 ბენეფიციარია გაყვანილი, ადგილზე რჩება 24, თუმცა ბავშვთა სახლის აღსაზრდელად მხოლოდ 23 მათგანი ითვლება, რადგან ერთი მათგანი 10 ივნისს, სრულწლოვანი გახდა და მას შემდეგ დატოვებს პანსიონატს, როცა მშობლები მოაკითხავენ. ვიდრე ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბენეფიციართა გაყვანა გრძელდება, მანამდე სახალხო დამცველი მორიგ განცხადებას ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ცალკეული სასულიერო პირები, პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოზე და რეალურად მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ ვითარებაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს ყვებიან.
„დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პარალელურად იმისა, რაც ნინოწმინდის პანსიონში გამოიკვეთა არის ის, რომ მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ზეწოლა როგორც ყოფილი ბენეფიციარების, არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი პირების მიმართ, რომლებმაც საკუთარი მძიმე გამოცდილებების შესახებ ისაუბრეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ან აპირებენ, რომ მისცენ ჩვენებები. ეს ზეწოლა მომდინარეობს სწორედ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული პირებისგან და მათ შორის სასულიერო პირებისგან.
ამ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარებას უწევენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად არასამთავრობო სექტორმა ამ საკითხთან და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიციური როლი შეასრულა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის ისინი წარმოაგდენენ უკანასკნელ იმედს. ამიტომ ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან წარმატებით ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პრობლემები არის ძალიან სერიოზული იმიტომ, რომ თითქმის ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატს უკავშირდება ახალ-ახალი ბენეფიციარი, რომელიც გვიყვება ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას და ეს ისტორიები ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ დღეს მთავარი არის ის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტურად და დროულად გამოავლინონ და გამოიძიონ საქმეები. ჩვენ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ამ ბავშვებს, რომლებიც უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან“, - განაცხადა ლომჯარიამ.