ხალხს ბავშვთა სახლი წარმოუდგინეს კონცლაგერად, სადაც ბავშვებს აწამებენ და მეტი საქმე არ აქვთ - ანდრია ჯაღმაიძე
უტრირებულია ბევრი რამე, თუმცა შესაძლებელია, ახალი სტანდარტით გადაცდომები იყოს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, როცა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარეშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, შესაძლებელია პანსიონში რეალურად რაღაც ხდებოდა, რაც გამოძიებას საჭიროებს, მაგრამ ხელაღებით ამხელა შრომის, ღვაწლის, სიკეთის არაფრად ქცევა, ნამდვილად დიდი უმადურებაა.
„ჩვენ თანდათან ვსწავლობთ ამ ახალ სტანდარტებს. ჩვენთან სოციალური მუშაკის სამსახური სრულიად ახალი შექმნილია, თავად სოციალური მუშაკებიც დიდი ხანი არ არის, რაც ბავშვებთან ურთიერთობის ახალი სტანდარტების სწავლებას შეუდგნენ. შესაძლებელია ამ სტანდარტების მიხედვით მართლაც გამოვლინდეს, რომ არის გადაცდომები, თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ საპატრიარქოს ბავშვთა სახლის პანსიონების წარმოჩენა, რომ იქ არის რაღაცა გეტო, კონცლაგერი და ბავშვებს რკინის კეტებით ცემენ და ორი ღამე არ აძინებენ, წარმოიდგინეთ უბრალოდ. ისმოდა, თითქოს ბავშვს გადაამტვრიეს "პოლის" ჯოხი თავზე... წარმოგიდგენიათ თქვენ ბავშვს რა მოუვა "პოლის" ჯოხი გადაამტვრიო თავზე, ან როგორ უნდა მოახერხო, რომ ორი ღამე არ ეძინოს ბავშვს, მასთან ერთად არ უნდა ეძინოს სადისტ აღმზრდელს, თუ ამ სადისტმა აღმზრდელებმა უნდა იმორიგეონ, თვითონ დრო და დრო დაიძინონ და ეს ბავშვი არ დააძინონ. რა თქმა უნდა, უტრირებულია ბევრი რამე, თუმცა შესაძლებელი არის, ვუშვებ ამას, რომ ნაწილობრივ ამ ახალი სტანდარტით გადაცდომები იყოს. შესაძლებელია არის ისიც, რომ რეალურად ხდებოდა რაღაცები, რაც გამოძიებას საჭიროებს. ასე ხელაღებით ამხელა შრომის, ღვაწლის, სიკეთის არაფრად ქცევა, ნამდვილად დიდი უმადურებაა. აუცილებელია, რომ სპეციალისტებმა შეაფასონ, ფსიქოლოგებმა გააკეთონ დასკვნები და გამოძიებამ, რომელსაც აქვს საშუალება , რომ გამოკითხოს, გამოიძიოს, დადოს დასკვნები, თუ რა გადაცდომებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, საკითხი არ უნდა იქცეს პოლიტიკურ თემად. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფების გავლენით ბავშვთა პანსიონი წარმოჩინდა საწამებელ ადგილად.
„იმ ჯგუფების ხელში, რომლებიც ნებისმიერ თემაზე, მუდმივად ეკლესიას ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ, ამ პრობლემამ მიაღწია იქამდე, რომ კონცლაგერად წარმოუჩინეს ხალხს ბავშვთა სახლი, რაღაცა საწამებელ ადგილად, სადაც თითქოს მუდმივად ბავშვებს აწამებენ და თითქოს, მეტი საქმე არ აქვთ. გასაგებია, რომ შეიძლება იყოს იქ დანაშაული, მუშაობენ სპეციალისტები გამოავლენენ ამას და პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც იტყვის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს”, - აცხადებს ჯაღმაიძე.