ტურისტად საკუთარ ქვეყანაში - „აბულის“ პანდემიურ-ამბიციური გეგმები
06.07.2021
როცა მთათა სისტემას ზემოდან დაჰყურებ, როცა გული ყელში გებჯინება, გინდა ემოცია სხვებს გაუზიარო, სხვებსაც აჩვენო ის, რასაც ხედავ, სხვებსაც აგრძნობინო ის, რასაც გრძნობ. ზოგისთვის ეს სურვილი იმდენად ძლიერია, ოცნება საქმედ იქცევა და ნაამბობი - რეალობად.
„ვუყურებთ, როგორ მიიკლაკნება კოლხეთის დაბლობზე მდინარე რიონი, მოჩანს ზღვის ჰორიზონტი, ჩვენს თვალწინ გადაშლილია კავკასიონი მთელი თავისი სილამაზით, მწვერვალები ხელისგულივით მოჩანს, აღმოსავლეთით მყინვარწვერი, სამხრეთით აბულ-სამსარის ქედი, დასავლეთით აჭარა, თავისი მთიანი ბუნებით, 360-გრადუსიანი პანორამა იშლება ოთხ რეგიონზე“, - ემოციურად აღწერს ალექსი გრიგალაშვილი მესხეთის ქედის უმაღლეს წერტილს. ადამიანმა, რომელსაც არაერთი მწვერვალი დაუპყრია, მეფის წყარო არც თუ დიდი ხნის წინ აღმოაჩინა.
„ჩემდა სამარცხვინოდ, მეფის წყაროზე რამდენიმე წლის წინ ავედი. მე იქ ისეთი ხედები ვნახე და ისეთი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი... ასეთი პეიზაჟი ბევრი არ გვაქვს საქართველოში და მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა გაიცნოს ეს ადგილი და დატკბეს ამ სანახაობით“.
ალექსიმ „მინდა“ „შემიძლიად“ აქცია. შექმნა კლუბი და საქართველოში მოგზაურობითა და ლაშქრობებით დაგროვებული გამოცდილება მასავით ცნობისმოყვარეებს გაუზიარა. თავგადასავლების მოყვარულები დაიმგზავრა და სახლში უსაფრთხოდ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დააბრუნა.
მათთვის, ვინც ლაშქრობაში ვერ მიდის, მაგრამ საქართველოს მთიანი რეგიონების მონახულება უნდა, ვირტუალური ექსკურსია მოაწყო. ტურიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსი ჩანაწერებს აკეთებს და ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში ტვირთავს.
“აღმართს ახალი შემდგარი ვიყავით, რომ წამოვიდა ნისლი და მთის ცივმა წვიმამაც დაასხა. დინჯად ვკრეფდით სიმაღლეს, წვიმა თანდათან თავხედდებოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა მოძრაობას. დაახლოებით, ერთი საათი გვებრძოლა. მერე მიხვდა, ესენი ისეთი ჟინით მიიწევენ წინ, რომ უკან დამბრუნებლები არ არიანო, დაგვინდო და გაგვერიდა. ცოტა ხანში ნისლიც გადაიკრიფა და ჩვენს ქვემოთ ულამაზესი პეიზაჟებიც გადაიშალა.
ჩემდა გასაკვირად, 5 საათში უკვე საბერწეს საბანაკეზე ვიყავით. მოვაწყეთ ბანაკი, გავშალეთ კარვები, სველი ტანსაცმელი თოკებზე გავფინეთ, კარავში შევიყუჟეთ და ვახშმისთვისაც დავიწყეთ მზადება... თანაკარველებს თუ დავუჯერებთ, ასეთი გემრიელი ერთჯერადი სუპი ცხოვრებაში არ ჰქონდათ ნაგემი“, - ასე აღწერს ალექსი ყაზბეგის მეტეოზე ასვლას.
2020 წლის ზაფხულში, მაშინ, როცა ტურიზმის ინდუსტრია კორონავირუსისგან გამოწვეული შოკიდან გამოსვლას ცდილობდა და პანდემიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიდა, სამთო ტურიზმის 39 წლის მოყვარულმა, რეგიონის მოსახლეობას ქვეყნის შიგნით მოგზაურობა შესთავაზა. თუმცა, ტურისტული მარშრუტების შედგენა მეგობრებთან ერთად, მანამდე დაიწყო, სანამ მსოფლიო კორონავირუსის შესახებ შეიტყობდა.
რეგიონში პირველი მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბი „აბული“ 2021 წლის 31 იანვარს დაარსდა. პირველი ტური გაზაფხულზე დაგეგმეს. მაშინ ჯერ არ იცოდნენ, რომ მარტის ბოლოს ქვეყანაში არა მხოლოდ ტურისტული საქმიანობა, ყველა და ყველაფერი გაჩერდებოდა.
ტურისტული კომპანიის შექმნამდე ბევრი იმოგზაურა, შემოიარა თითქმის მთელი საქართველო, ავიდა რამდენიმე მწვერვალზე. თანამოქალაქეებისთვის გასაზიარებელიც შთაბეჭდილებების კვალდაკვალ დაალაგა.
„კლუბის შექმნის იდეა დიდი ხანი მქონდა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გაამართლებდა. მთელი ცხოვრებაა ვმოგზაურობ, დავდივარ, ვლაშქრობ, მინდოდა, რომ სხვებისთვისაც გადამეცა ის ემოცია, რასაც მე ვგრძნობდი“.
ემოციების გაცემის შესაძლებლობა დაგეგმილი ტურის გაუქმებიდან სამ თვეში მიეცა. როგორც კი ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდა, „აბულმა“, 20 ივნისს, დანიშნულების პირველ პუნქტად სტეფანწმინდა (ყაზბეგი) მოინიშნა. უკან დაბრუნებისას, ტურის მონაწილეების ზურგჩანთები სამახსოვრო სუვენირებით, თავად კი პოზიტიური შთაბეჭდილებებით იყვნენ სავსე. ალექსი მიხვდა, რომ სწორ გზას დაადგა.
„პანდემიის მიუხედავად, რეგიონში საკმაო დაინტერესება გამოიწვია. წელს კიდევ უფრო გავიზარდეთ. პოპულარული ადგილების გარდა, ვცდილობთ ახალი ადგილები გავაცნოთ და ავითვისოთ ჩვენც. მაგალითად, თრიალას ტბები, აბულის მწვერვალზე გვაქვს ტრეკინგ ტური, ლომის მთის და მეფის წყაროს ტური, ზაფხულში ვგეგმავთ კახისის ტბის მარშრუტს. ჩვენი რეგიონი (სამცხე-ჯავახეთი) პატარა კი არის, მაგრამ პოტენციალი საკმაოდ დიდია, რომ ადამიანი ერთი დღით არ ჩამოდიოდეს ჩვენთან“.
მარშრუტის დაგეგმვამდე, მოსანახულებელ ადგილებს პირველ რიგში თავად სტუმრობს, ხშირად, მეუღლესა და მეგობრებთან ერთად. ყველა დეტალს იკვლევს და ტურს მხოლოდ „დაზვერვითი“ შემოვლის შემდეგ აანონსებს.
„ვცდილობთ, ყველა ნიუანსი გაწერილი იყოს. სველი წერტილები, კვების ობიექტები, ღირსშესანიშნაობები, რომლებიც უნდა ვნახოთ, შესაძლოა, არ იყოს ღია, ამ ყველაფერს ვსწავლობთ დეტალურად. არის ადგილები, სადაც დიდი ხანია არ ვყოფილვართ და მივდივართ წინასწარ, შესწავლის გარეშე ტურს არ ვაწყობთ“.
ტურის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მეგობრები ეხმარებიან. ალექსიმ თავის გარშემო ისტორიკოსები, გიდები, სამხედრო ისტორიის საზოგადოების წარმომადგენლები შემოიკრიბა და რეგიონში არსებული უცხო ძეგლების პოპულარიზაცია დაიწყო. ფიქრობენ, რომ სამცხე-ჯავახეთი ტურისტებისთვის ყამირია, ამიტომ ამ საქმის განვითარება ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი.
ალექსი გრიგალაშვილს კლუბის სახელზე ბევრი არ უფიქრია. ახალქალაქში, სამსარის ქედზე მდებარეობს სამხრეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, ჩამქრალი ვულკანი აბული, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3 305 მეტრია. კლუბის შექმნის და განვითარების გზაც იმავე სირთულის იყო, როგორც მწვერვალ აბულის საცალფეხო ბილიკი. ალექსის ტურისტულ ორგანიზაციასაც ისეთივე მიზნები აქვს, როგორიც მთა აბულის სტატუსია - რეგიონის უმაღლესი მწვერვალი.
„მწვერვალი აბული ნაკლებად პოპულარულია არა მარტო რეგიონს გარეთ, არამედ სამცხე-ჯავახეთშიც. მქონია შემთხვევა, რომ ახალციხეში უკითხავთ, როგორ იშიფრება სიტყვა აბული. თუნდაც იმისთვის, რომ სადღაც, მაგალითად, გომისმთაზე ადამიანი ნახულობს წარწერა აბულს, ინტერესდება და ეცნობა ჩვენს რეგიონს“.
„აბულის“ სამომავლო გეგმები ისეთივე ამბიციურია, როგორც პანდემიის პერიოდში საქმიანობის წამოწყება იყო. რეგიონის რესურსიდან გამომდინარე, სამხრეთ საქართველოში სალაშქრო, სათავგადასავლო, ექსტრემალური, ღვინის, გასტრონომიული, აგრო, ეკო ტურიზმის განვითარებაა შესაძლებელი.
„პატარები ვართ ჯერ, ახალი ფეხადგმულები და ვბარბაცებთ. ამის მიუხედავად, ამბიციური გეგმები გვაქვს. დავიწყეთ რეგიონიდან გამყვანი ტურიზმით. ამასთანავე, რეგიონშიც ვითვისებთ ადგილებს. გვინდა რეგიონი გავაცნოთ დანარჩენ საქართველოს. პანდემიის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ, პროგრამაც გვაქვს გაწერილი, სომხეთის, თურქეთის და ბაქოს მიმართულებით. ამასთანავე, ვმუშაობთ შემომყვან ტურიზმზე, რომ უცხოელებთანაც შეგვეძლოს ჩვენი რეგიონის შეთავაზება“.
ერთი წლის „აბულის“ ანგარიშზე უკვე 20-ზე მეტი ტურია. სტეფანწმინდა, დაშბაშის კანიონი, გომისმთა, ძამას ხეობა, სვანეთი, ჭიათურა, ხევსურეთი, მეტეო, დავით გარეჯი - ცნობილი და მოთხოვნადი ადგილების გარდა, ადგილობრივი მოგზაურები მსურველებს სამცხე-ჯავახეთის უცნობ ადგილებზე ეპატიჟებიან - დიდი აბული, ლომის მთა, თრიალას ტბები, ოქროს ციხე, ვულკანური, ნამარხი ტყეები, მეფის წყარო. ალექსი და მისი მეგობრები, პანორამული ხედებით და სამცხე-ჯავახეთის მისტიკური ადგილებით ადგილობრივების შემდეგ, უცხოელი სტუმრების გაოცებას გეგმავენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.