საზოგადოება
ახალციხეში რეგულაციების გამო გაჩერებული ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ერთკვირიანი უმუშევრობის შემდეგ, ახალციხის სოფლების მიმართულებით მოძრავმა ტრანსპორტმა მოძრაობა განაახლა. მარშრუტები უკვე ყველა მიმართულებით აღდგა.

სატრანსპორტო კომპანიის შპს "ჯეოტივის" დირექტორი ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეგულაციები, არასწორად იყო გამოცხადებული. ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ 14 აგვისტოდან შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის სოფლების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები. ამის გამო, შპს "ჯეოტივიმ" ქალაქ ახალციხიდან სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი შეაჩერა. რეგულაცია არ შეეხო საქალაქო ტრანსპორტს.

მას შემდეგ, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა "მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ შეზღუდვა მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტს შეეხო, ნუგზარ მამუკაშვილმა კი თქვა, რომ მოძრაობა სოფლების მიმართულებითაც შეაჩერა, საკითხით თვითმმართველობა დაინტერესდა.

როგორც ნუგზარ მამუკაშვილი განმარტავს, მერიამ საკოორდინაციო საბჭოსთან გაარკვია, რომ შეზღუდვა სოფლების მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს არ ეხებოდა. ამის გამო, სამარშრუტო ტაქსებმა რეისები განაახლეს.

| Print |