საზოგადოება
როდის მოიხსნება აკრძალვა ქორწილების და ქელეხების გამართვაზე?
ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ შეზღუდვა უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ უკვე მარტში, ე.წ. სოციალური ღონისძიებების (ქორწილები, ქელეხები, იუბილეები…) გამართვაზეც მოიხსნება. ამის შესახებ jandacva.ge წერს.
პორტალის ცნობით, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე კონკრეტულ ვადას არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს და პაკეტი საკოორდინაციო საბჭოს ხვალ, სამშაბათის სხდომაზე წარედგინება.
ბექა ფერაძის თქმით, პანდემიის მრუდი დაღმავალია და არსებობს ეპიდსიტუაციის გამოსწორების ფრთხილი ოპტიმიზმი, ამიტომ მზადდება პაკეტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და იქნება განხილვა.
„ვფიქრობ, ამ კუთხით პოზიტიური განწყობები უნდა იყოს. სამუშაო ჯგუფი ამ საკითხზე უკვე მუშაობს,“- აღნიშნა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის: ქორწილის, ქელეხის, იუბილეს და სოციალური დატვირთვის სხვა ღონისძიებების გამართვა იკრძალება. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები, კანონის თანახმად, ილუქება.
შეგახსენებთ, რომ მარტიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ ღამის კლუბებს, რომლებსაც საქმიანობა ორი წელია, აკრძალული აქვთ, მიზეზი ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეებია.
ხალხმრავალი სოციალური ღონისძიებები კოვიდ 19-ის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ „ბუსტერად“ მიიჩნევა, ამიტომ მათ ჩატარებაზე აკრძალვის მოხსნას ეპიდემიოლოგები ყველაზე ბოლოს განიხილავენ.
Տարածեք :