საზოგადოება
თოვლში ჩაფლული სახლები პატარა სამსარში და მშობიარე, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამდე ტრაქტორით მიიყვანეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში უხვი ნალექი მოვიდა. დიდთოვლობის გამო სოფელი ფაქტობრივად ჩაკეტილია. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ქარბუქისა და უხვი ნალექის დროს, სოფლის მკვიდრს მშობიარობა დაეწყო. პატარა სამსარში არც ექიმია და არც ექთანი. სასწრაფო დახმარების ჯგუფი კი გამოძახების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მშობიარე ქალი სოფლიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილამდე ტრაქტორით მიიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა.სოფელში სახლებს და ტექნიკას უხვი თოვლისგან ამ დრომდე წმენდენ. ხუთი ადგილობრივის სახლი თოვლით არის დაფარული, რომლის მობინადრეებიც ერთი დღე-ღამის განმავლობაში თოვლის ქვეშ ცხოვრობდნენ. მათ გარეთ გამოსვლა, მას შემდეგ შეძლეს, რაც სოფლის ახალგაზრდებმა სახლებთან მისასვლელად თოვლში გვირაბები გაიყვანეს.უამინდობა 18 მარტს, საღამოს დაიწყო. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა და სოფელი ელქტროენერგიის გარეშე დარჩა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფი დაზიანების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს. ქარმა ახლომდებარე მთებიდან თოვლი ჩამოიტანა და სოფელში გორაკებად მოაგროვა.
19 მარტს, ადგილობრივების ნაწილი ქორწილში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებულები კი იძულებულნი გახდნენ ავტომობილები გზაში დაეტოვებინათ და სახლებში ფეხით დაბრუნებულიყვნენ. სხვაგვარად ქარბუქს და ყინვას ვერ გადაურჩებოდნენ. მათი ავტომობილები დღესაც თოვლის ქვეშ არის მოქცეული.სოფელში ამ დროისთვის 72 ოჯახი ცხოვრობს. პატარა სამსარში ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა არ ახსოვს. წელს პირველად მოხდა, რომ სახლები თოვლის ქვეშ მოჰყვა.
JNEWS
Տարածեք :