საზოგადოება
თოვლში ჩაფლულ სოფელ ჟდანოვში მე-11 დღეა შველას ითხოვენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის მაცხოვრებლები მე-11 დღეა დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. სოფელში 2-3 მეტრამდე თოვლი დევს, გზების გაწმენდა კი ამ დრომდე არ მომხდარა. მაცხოვრებლები სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან მთლიანად თოვლითაა დაფარული.
"ჩვენს სოფელში გზები ჩაკეტილია. ვერაფერს ვაკეთებთ. 50-მდე სახლი ჩაკეტილია თოვლით. ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. სოფელს ტექნიკა არ ჰყავს, რომ ჩვენ თვითონ გავწმინდოთ გზები. 11 დღეა უკვე ასე ვართ. ვითხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ. პირადად გუბერნატორს ვთხოვთ" - აცხადებს ადგილობრივი სამო მნოიანი.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ჟდანოვის ცენტრალური გზა მერიის ტექნიკამ უკვე გაწმინდა, თუმცა თოვლის საფარისგან გასაწმენდია შიდა ქუჩები. ნინოწმინდის მერის ანი მოსოიანის თქმით, ტექნიკა ამჟამად სხვა სოფლებში მუშაობს.
"არ არის ჩაკეტილი, არ არის არაფერი პარალიზებული. გარკვეულ ქუჩებში არის თოვლის საფარი ძალიან მაღალი. ახლა ტექნიკა მუშაობს ფარავნის გარშემო სოფლებში. როდესაც გათავისუფლდება შევა და უკვე შიდა სასოფლო გზებსაც მიხედავს" - განმარტავს ანი მოსოიანი.
ნინოწმინდის მერის თქმით, ფარავნის მიმდებარე სოფლების თოვლისგან გაწმენდას ტექნიკა დაახლოებით ორ-სამ დღეში დაასრულებს, რის შემდეგაც შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებას დაიწყებენ.
ასევე ნახეთ:
Տարածեք :