უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს
საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოსთან 145 წყვილი ფეხსაცმელი მიიტანეს, იმის ნიშნად, რომ უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 145 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
აქციის ორგანიზატორი ხუთი მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტია, ესენი არიან: თიკო ფეიქრიშვილი, თამარ ღვინიანიძე, ეკა ქადაგიშვილი, ირმა ნადირაშვილი და მაკა ფანქველაშვილი.
„ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ემოციური იყო ის, რომ დღეს უკვე 145 მოკლული ბავშვია, ეს არის სწორედ იმის სიმბოლო, რომ 145 ფეხსაცმელი დევს, დაწყებული ჩვილებიდან, რომელიც ასევე არის ომის მსხვერპლი, დამთავრებული 18 წლამდე ბავშვებით. როდესაც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა ეს აქცია, მაშინ 115 მოკლული ბავშვი იყო და მანამ, სანამ ჩვენ ფეხსაცმელები შევაგროვეთ, ყოველდღე ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ცნობები გარდაცვლილი ბავშვების შესახებ, როგორ ვამატებდით და ვამატებდით ფეხსაცმელებს“, - განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.