ათეული წელია ეს მტანჯველი თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვით არის დაკავებული - მეუფე დიმიტრი
ათეული წელია ეს მტანჯველი თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული, - ასე გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი სადღესასწაულო ქადაგებისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, აღმაშფოთებელია რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, რომელიც გვარდიას და გენერლებს ლოცავს. მეუფე დიმიტრი რუსეთის პატრიარქს მიმართავს და აცხადებს, რომ ბავშვების ხოცვა ქრისტიანობა არ არის.
„მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის გვარდიას და გენერალს, გადასცემს მას ე. წ აგვისტოს ღვთისმშობელს, თითქოს აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ის რომ, ეს ხატი გასულ საუკუნეში შეიქმნა, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ აღნიშნული ხატი ამისთვისაა და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო. ესეც არაა იმდენად აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან, რომ რუსები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უკრაინაში იცავენო და მათ ფიცი აქვთ დადებულიო. ჩვენ ფაშიზმი ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახდენთო. მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს უკრაინაში მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან და თანაკურსელებთან - იქ უმძიმესი მდგომარეობაა. გამაოგნებელია მისი განცხადება, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიანო. მივმართავ მას (რუსეთის პატრიარქს) რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების დახოცვა და ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა, ეს საშინელებაა“,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.