საზოგადოება
"IDS ბორჯომი" დილანდელ დაპირისპირებას ეხმაურება
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქარხნის დილანდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული აგრესია და კიდევ ერთხელ უარყოფენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქარხანაში დასაქმებას.
„ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა გაუგებარია პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია.
კატეგორიულად მიუღებელია პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და ზეწოლა იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც შემოდის ქარხანაში და განაგრძობს მუშაობას. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით.
ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ დაიწყო მედიაციის პროცესი პროტესტის მონაწილეები განაგრძობენ აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა. პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“ - აცხადებენ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ დილიდან ბორჯომში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა ტრანსპორტი ქარხნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
Տարածեք :