საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სამცხე-ჯავახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის Racing The Planet მარათონი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, Racing The Planet-ის მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს. ამასთან, საერთაშორისო მასშტაბით მარათონი სამცხე-ჯავახეთში 19-25 ივნისს ჩატარდება და აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან 50-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობითვე, ღონისძიება Explore Georgia-ს და Georgian Hospitality Group-ის, საერთაშორისო ტურისტული კომპანია WATA-ს და Japan Association of Travel Agents-ის ორგანიზებითა და მონაწილეობით იმართება. ხოლო, მარათონის მიზანია ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოს ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა.
ასევე, 7 - დღიანი მარათონის განმავლობაში მონაწილეები 240 კმ-ს დაფარავენ. მარათონი სტარტს ალგეთის ეროვნულ პარკთან აიღებს და ვარძიაში დასრულდება. ფინიშზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.