2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან დაფიქსირდა
საქართველოში, 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების სულ 1 049.4 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა.
"2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ვიზიტორების უმრავლესობა თბილისსა და აჭარას ეწვია.
"2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათენებული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 70.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440.2 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.