საზოგადოება
"სოფლის თავში გაზი აანთეს, ჩვენთან კი არაფერი ხდება" - კლდეში სოფლის დაყოფაზე ჩივიან
ახალციხის სოფელ კლდეში მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და შპს „ინტერ გაზის“ დირექტორი ვასილ აბულაძე ბუნებრივი აირის გაშვების პროცესს დაესწრნენ და ორ ოჯახში გაზის ანთებაშიც მიიღეს მონაწილეობა. ბუნებრივი აირი გაზქურაზე აინთო, თუმცა არა ყველა ოჯახში. გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ადგილობრივების მტკიცებით, სოფლის ნაწილში სამუშაოები შეჩერებულია.
ბუნებრივი აირით უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სამუშაოები აქ 2021 წლის მიწურულს დაიწყო. ზედა უბანი კვლავ გაზიფიცირების მოლოდინშია. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პროცესი უკვე დიდი ხანია შეჩერდა. ამიტომ მათი ვარაუდით, ბუნებრივ აირს უბანი კიდევ კარგა ხანს ვერ მიიღებს.
"გაზის მილები სოფლის ცენტრში, ბოლო მაცხოვრებლამდე მოიყვანეს, მერე გაჩერდნენ. ჩვენთან რაღაც შლანგები ჩაყარეს მიწაში, მგონი ისიც ბოლომდე არა. რომ ვიკითხეთ რა ხდებოდა, გვითხრეს, რომ სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე მუშა ხელი არ გვყავსო. გუშინ სოფლის თავში გაზი აანთეს, ჩვენთან კი არაფერი ხდება. გაურკვევლობაში ვართ, ნორმალურ პასუხს არავინ გვცემს", - ამბობს ადგილობრივი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ზედა უბნის მაცხოვრებლების თქმით, გამრიცხველიანებისთვის საჭირო თანხა გაზკომპანიაში მსურველებს შეუძლიათ ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ. ამისთვის მომავალი აბონენტები კომპანიას განცხადებით მიმართავენ.
"განვადებასავით აკეთებენ: კომპანიაში მიხვალ, განცხადებას დაწერ, რაღაც ბარათს გაძლევენ და მერე გარკვეული პერიოდი ცოტ-ცოტა თანხა შეგაქვს. ჩვენი უბნიდან ვინც მივიდა, ყველა უარით გამოისტუმრეს. ალბათ იმიტომ რომ ჩვენამდე გაზის მოყვანა არ იგეგმება. საერთოდ, რატომ გაყეს სოფელი ორ ნაწილად ვერ ვხვდებით. კლდე ერთი სოფელია, ახლა რატომღაც "ზეუბანი" ცალკე დასახლება გახდა. რაც სოფლის ცენტრამდე კეთდება, ზედა უბანში ამას წლების მერე ვიღებთ. სამსახურების დაკარგვის შიშით სიტყვასაც ვერავინ ამბობს," - ამბობენ ადგილობრივები.
შპს „ინტერ გაზის“დირექტორი ვასილ აბულაძე ირწმუნება, რომ ზედა უბნის მაცხოვრებლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, მიწისქვეშა მილები სოფლის ბოლომდეა ასული.
"მიწისქვეშა ქსელი აყვანილია ბოლომდე. მიყვება ქვევიდან და წავა ბოლოში, ერთდროულად ხომ ვერ გაკეთდება, არა? დაანებონ ეგეთ "კლიაოზნიკობას" თავი", - აცხადებს აბულაძე.
რაც შეეხება გამრიცხველიანების გადასახადს, კომპანიის დირექტორის განმარტებით, ზედა უბნის მაცხოვრებლებზე ჯერ შესაბამისი ბარათები ვერ გაიცემა.
"იმიტომ დაბრუნდნენ უარით, რომ ჯერ მიმდინარეობს პროცესი. იქ ასულია საშუალო წნევა. უნდა გადავიდეს დაბალ წნევაზე და შემდგომ დაერთდეს მოსახლეობა," - განმარტავს ინტერგაზის დირექტორი.
კითხვაზე, როგორ შეასრულა კომპანიამ სამუშაოები ისე, რომ მოსახლეობამ ვერ დაინახა, აბულაძე გვპასუხობს:
"ვინც თქვენ გითხრათ იმან დაინახა, მაგრამ უნდა "წაიკლიაოზნიკოს". ეგ არის მეტი არაფერი. თუნდაც 500-მა გითხრათ, ადით და თქვენი თვალით ნახეთ".
ავედით სოფლის ზედა უბანში და ვნახეთ. ეს დალუქული მიწისზედა მილია, რომელიც სოფლის ცენტრში ბოლო მოსახლემდეა მიყვანილი. ამის შემდეგ, როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, მიწისქვეშა მილებია გაყვანილი, თუმცა მიწისზედა და მიწისქვეშა ქსელის გადაბმის კვალი არსად ჩანს.ეს კი მიწისქვეშა მილია, რომელიც მიწისზედა მილიდან საკმაოდ მოშორებით ზედაპირზე კარგად მოჩანს. შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა, რომ აქ ბუნებრივი აირი არ გადის.ეს კი ზედა უბანში ის ადგილია, სადაც სავარაუდოდ მიწისქვეშა გაყვანილობა მთავრდება, თუმცა მილი მიწაში ჩამარხული არ არის და არც ეს ადგილია სოფლის დაბოლოება. როგორ გადის ამ მილებში ბუნებრივი აირი თანაც ისე, რომ არც დალუქულია და არც მიწისზედა სისტემასთან არის გადაბმული, უცნობია. ახალციხის მერიის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია სოფლებში: ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ხეოთი, ურაველი, მუსხი, ივლიტა და წნისი. აქ ახლა მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს. გაზიფიცირების სამუშაოები კი ამ ეტაპზე წყრუთსა და კლდეში გრძელდება. რაც შეეხება აგარისა და აწყურს, გაზიფიცირების სამუშაოების უზრუნველსაყოფად ტენდერია გამოცხადებული.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, დამატებით 1700 ოჯახს შესაძლებლობა აქვს ბუნებრივი აირით ისარგებლოს, საიდანაც 400 ოჯახი ქსელში უკვე ჩართულია.
Տարածեք :