„ყველაფერს შენი ხელით გაკეთებინებენ და ბოლოს გეუბნებიან, რომ იქ აღარაფერი გესაქმება“ - გიორგი ნათენაძე
ღვინის კომპანია „ნათენაძის მარნის“ მფლობელმა და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პარტნიორებთან უთანხმოებაზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ძნელია. ერთ-ერთ პროექტში პარტნიორები წლების განმავლობაში მას საქმეს აკეთებინებდნენ, ახლა კი ეუბნებიან, რომ ამ ბიზნესში მისი ადგილი არ არის.
"მეცხრე არხი" მეღვინეს დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდა, მაგრამ ბიზნესმენმა ამ ეტაპზე საუბარი არ ისურვა.
გთავაზობთ მის ფეისბუქ პოსტს:
"ჯერ ყველაფერს არ დავწერ, ამის დროც მოვა და ყველაფერს აეხდება ფარდა. ერთი კი ნამდვილად ვიცი, არასწორად ნაშოვნი ფული ან ქონება არასდროს არ შეერგება არავის.
საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ძნელია. მითუმეტეს პარტნიორად თუ 90-იანებში გამდიდრებული "ბიზნესმენი" მოგევლინა და შენ ამ დროს ენთუზიაზმით და საქმის სიყვარულით დღე და ღამეს ათენებ, წვალობ, გულს და სულს დებ საქმეში, გიყვარს შენი საქმე მისი ყველა დეტალით, თან ყველაფერს შენი ხელით გაკეთებინებენ და ბოლოს გეუბნებიან რომ შენ იქ აღარაფერი გესაქმება და ყველაფერი დამთავრდა.
რაის სიტყვიერი შეთანხმება, რაის კაცობა, რაის ხელის ჩამორთმევა.. ყველაფერი ფუჭია მათ თვალში. საინტერესოა ცხოვრებაში რა პრინციპები ამოძრავებთ და რისთვის ცხოვრობენ. სუფრაზე კი არიან ქართველი ვაჟკაცები, სამშობლოს გაერთიანება და უკეთესი საქართველო რომ უნდათ.
მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო ვინც ახალ საქმიანობას იწყებს, ვისაც თავის საქმე უყვარს და პარტნიორს ეძებს, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, კარგად გაიკითხეთ მისი ისტორია, გააფორმეთ ძლიერი ხელშეკრულება იურისტების დახმარებით, ტყუილად ხალხი არაფერს არ ამბობს და არაფერს არ იგონებს. ნურავის დაუთმობთ თქვენს ნაწვალებს და თქვენს დახარჯულ დროს !!!
დრო მოვა და ყველაფერი გაირკვევა, ჯერ არ მეჩქარება, მაშინ გამოაშკარავდება ყველაფერი როცა არ ელოდებიან. ვიცი ახლაც ამ მესიჯს კითხულობენ და გული უჩქარდებათ...
არ გინდათ კომენტარებში მოთაგოთ ის ხალხი ვინც ამოიცანით, თვითონაც კარგად ხვდებიან ყველაფერს.
ის რაც არ გეკუთვნის, შენი არაა რომც ძალიან გინდოდეს, სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი მეგობრებო", - წერს ნათენაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.