რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა რუსეთში სამუშაოებზე წასული მამაკაცების ოჯახებზე
10.11.2023
სამცხე-ჯავახეთის სოფლების ნაწილში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები მამაკაცებს აიძულებს ოჯახების სარჩენად რუსეთში, ემიგრაციაში წავიდნენ. თვეების განმავლობაში ოჯახის ტვირთის ზიდვა ქალებს მარტოებს უწევთ. ისინი უვლიან სახლ-კარს, პირუტყვს, ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს, იღებენ მოსავალს, თიბავენ და ზამთრისთვის შეშაზეც თავად ზრუნავენ. რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზოგიერთი მამაკაცი რუსეთში წასვლას ერიდება, ვინც სამუშაოდ მაინც მიდის, მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საფიქრალი მოემატათ.
ახალქალაქი, სოფელი დადეში. ზღვის დონიდან 1 800 მ. შემოდგომის ცივ ქარს უკვე ზამთრის სუსხი მოაქვს. ვულკანური ქანის, პემზის გამო, მთელ სოფელს წითელი მტვერი ადევს. ახალქალაქიდან 23 კმ-ით დაშორებული დადეში, ზამთარში დიდთოვლობის გამო, ხშირად, რაიონულ ცენტრს სწყდება. მკაცრ კლიმატთან და გრძელ ზამთართან გამკლავება ადგილობრივებს შეშის ღუმელით და გამომშრალი ნაკელით - წივით უწევთ. გათბობის ამ საშუალებებს დადეშში ალტერნატივა არ აქვს. სოფელში ბუნებრივი აირის გარდა, არ არის შიდა გზა, სასმელი წყალი, სკოლა და საბავშვო ბაღი. მოსახლეობას მოსავლის რეალიზაციის პრობლემა, უმუშევრობა და სახელმწიფო ენის არცოდნა აწუხებს.
არუს სარქისიანი ვერც ქართულად ლაპარაკობს და ვერც რუსულად, მან მხოლოდ მშობლიური ენა, სომხური იცის. ის შვილთან ერთად, სოფლის ბოლოში ცხოვრობს. სარქისიანების ეზოში თივის პრესები აწყვია. პირუტყვისთვის საკვები ჯერ კიდევ ზაფხულში დაიმარაგეს. ხანგრძლივი ზამთრისთვის შეშის ნაწილიც უკვე შეძენილი აქვთ.
გადაწყვეტილების მიღება და ყველა პრობლემის მოგვარება არუს სარქისიანს მარტოს უწევს. მისი ქმარი ემიგრანტია. მამაკაცმა სეზონურ სამუშაოებზე სიარული რვა წლის წინ დაიწყო, როცა აუცილებელ საოჯახო ხარჯებს სოფლის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული თანხა ვეღარ ამყოფინა. ის რუსეთში გაზაფხულზე მიდის და ოჯახს ზამთარში უბრუნდება. ცხრა თვის განმავლობაში 46 წლის არუსს მარტოს ან შვილთან ერთად უწევს საოჯახო საქმეებთან ერთად, სოფლის სამუშაოების შესრულება.
„სოფელში პრობლემა ბევრია, რომ არ გვქონდეს, მამაკაცი სახლში დარჩებოდა. აგერ შენობაა, სახურავი აქვს შესაცვლელი და ვერ ვაკეთებთ. პატარა შვილი მყავს, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ - ვთოხნით, ვთიბავთ, ვპრესავთ და ასე ვუმკლავდებით სოფლის საქმეებს. ნელ-ნელა, სანამ შეგვიძლია, ვარსებობთ. რთულია, მაგრამ იოლად გავდივართ. არ ვიცი ჩემი ქმარი როდის ჩამოვა. ადრე თითქმის ყველა მიდიოდა სოფლიდან, ახლა ბევრი აღარ დადის რუსეთში“, - გვიყვება არუსი. არუს სარქისიანი
არუსის სახლის გვერდით, მიწის ნაკვეთში ქალი მარტო მუშაობს. ბრაქსია ბარბარიანი ყინვასგადარჩენილ კომბოსტოებს თხრის, ურიკაზე ალაგებს და სახლში ეზიდება. 53 წლის ქალი თანასოფლელების მსგავსად, წელიწადის ნახევარზე მეტს ქმრის გარეშე ატარებდა. მას შემდეგ, რაც კაცმა რუსეთში მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება ვეღარ შეძლო, ოჯახს დაუბრუნდა და მეურნეობის მოვლა-პატრონობა დაიწყო, რუსეთში კი მისი ორივე ბიჭი წავიდა.
„კარტოფილს ვთესავთ, საქონელს ვინახავთ, ვწველით ძროხას, რძეს ვყიდით და ვცხოვრობთ. უნდა დათესო, მერე მორწყვაა საჭირო. აგერ, ეს არის ჩემი კომბოსტოს მოსავალი, წყალი რომ არ არის ვერ მოვრწყეთ და კარგი თავები არ გაიკეთა, წვიმის იმედადაა ჩვენი ნათესები“, - გვიყვება ბრაქსია. ის შვილების ჩამოსვლას მოუთმენლად ელის. მათზე განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ნერვიულობს.
„ერთი შვილი ორი წელია არ ჩამოსულა. მეორე ხან ჩამოდის, ხან არა, მასაც აღარ უნდა ჩამოსვლა. სახლი არ აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ცხოვრობს იქ, ცოლი ჰყავს, შვილი. ჩემს შვილებს ზარალი არ აქვთ ომისგან, მაგრამ რომ გაგრძელდეს, ალბათ იქნება. ჯერჯერობით რუსეთში სამუშაო არის“. ბრაქსია ბარბარიანი
შრომითი მიგრაციის ფასი კარგად იცის 85 წლის ლუსიკ ბარბარიანმა. ახალგაზრდობაში მას ქმარი თვეობით, მარტო ტოვებდა და რუსეთში სამუშაოდ მიდიოდა.
„გაზი არ იყო, წივას ვწვავდით. ვცხოვრობდით ჩვენი ღონით და ჩვენი მუშაობით. ისე ძნელად ვმუშაობდით, რომ,,, რომ არ გვემუშავა, ოჯახს, შვილებს როგორ ვარჩენდით?
ლუსიკ ბარბარიანს ოთხი შვილი ჰყავს, სამი ბიჭი და ერთი გოგო. სკოლის დამთავრების შემდეგ სეზონურ სამუშაოებზე სიარული სამივე ბიჭს მოუწია. მათგან ორი, ოცი წელია უკან აღარ დაბრუნებულა და საცხოვრებლად რუსეთში დარჩა. საქართველოს სამხრეთით წავიდა მისი ორი შვილიშვილიც. სოფლის საქმეებთან მარტო დარჩა 85 წლის ლუსიკი, მისი შვილი და რძალი.
„წყალი, გაზი, გზა - ყველაფრის პრობლემა გვაქვს. ვინ არის ჩვენი მთავრობა, უთხარით, რომ სოფელ დადეშში მათზე ბევრი საჩივარია. შეშას ვყიდულობთ ძალიან ძვირად, კარტოფილს და საქონელს კი ფასი არ აქვს, როგორ ვიცხოვროთ? ასე არ შეიძლება, ჩვენც ცოდოები ვართ. წყალი დღეგამოშვებით გვაქვს, ყოველ დღე რომ გამოუშვან, სოფელს არ ეყოფა. დიდი ავზები გვაქვს და იმას ვავსებთ. მაგას ვასმევთ საქონელსაც და ჩვენც მაგას ვხმარობთ. ასეა ჩვენი ცხოვრება. თუ ფული გაქვს იცხოვრებ, თუ არა და ვერ შეჭამ. აი მაგალითად, მანქანით ხილი მოაქვთ და ფული რომ არ გვაქვს ვერ ვყიდულობთ, ვერ ვჭამთ. ძნელია, მაგრამ სად წავიდეთ?
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ლუსიკის შვილებმა საქართველოში დაბრუნების საკითხი დედასთან ერთად, არაერთხელ განიხილეს. „ერთი მოსკოვში მყავს, მეორე როსტოვში. ჩვენ ვერ გვეხმარებიან, მარტო იმდენს შოულობენ, რომ თავიანთ ოჯახებს არჩენენ იქვე. ამბობენ, თუ საქმე გვექნება, ვერ ჩამოვალთ, თუ აღარ გვექნება ჩამოვალთო“. ლუსიკ ბარბარიანი
გაუფასურებული რუსული რუბლის გამო, ახალციხის სოფელ ორალში მცხოვრებმა რამდენიმე ახალგაზრდამ სეზონურ სამუშაოებზე წასვლისგან წელს თავი შეიკავა. ისინი, ოჯახის წევრებთან ერთად, მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით დაკავდნენ.
„აქაც რომ არ არის სამუშაო და სხვა გზა არ გვაქვს, მაგიტომ გადიან საზღვარგარეთ. ახლა აზრი არ აქვს გასვლას, ისეთი სიტუაციაა. რუბლის კურსია დაბალი და არაფერი რჩება მუშას. ჯობია აქ დარჩე, მაგრამ აქაც რა უნდა ქნა? უმეტესობა ყანაში მიდის მუშად, კარტოფილის მკრეფავად და მტვირთავად, რომ დღეში 40-50 ლარი აიღონ. დილის 6 საათზე გადიან ახალქალაქისკენ და საღამოს 9-ზე მოდიან სახლში, წარმოიდგინეთ, რა საზარელი მდგომარეობაა“, - ამბობს 20 წლის მანუშაკ ვართანიანი.
თანასოფლელებისგან განსხვავებით, რუსეთში წელსაც წავიდა ქნარიკ კუზატიანის ქმარი. 58 წლის მამაკაცმა საზღვარგარეთ სიარული სამსახურის დაკარგვის შემდეგ გადაწყვიტა. მას სომხეთის მოქალაქეობაც აქვს, ასე ახერხებს ბიუროკრატიას თავი აარიდოს და მოსკოვში მარტივად მოხვდეს. 45 წლის ქნარიკის ქმარი შვიდი თვეა წასულია, ქალი იმედოვნებს, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდება.
„ყველა საზღვარგარეთ მიდის, სოფლიდან ბევრნი არიან რუსეთში. აქ მუშაობა არ არის. ვისაც თავისი ტექნიკა ჰყავს, ტრაქტორი, ისინი მუშაობენ ყანებში, ჩვენ არაფერი გვაქვს. რუსეთში ასფალტს აგებენ, ბორდიურებს აკეთებენ, ჩემი ქმარი ხელოსანია და არ უჭირს სამსახურის მოძებნა, თვეში ათას ლარზე ცოტა მეტს იღებს. ახლა იქ უკვე აცივდა და ვეღარ მუშაობენ“.
ქნარიკი მიწის ნაკვეთს შვილთან ერთად ამუშავებს, საქონელს უვლის, რძეს, ყველს და კარტოფილს ყიდის. შვილი ეხმარება თიბვასა და პირუტყვისთვის ზამთრის საკვების მოგროვებაში.
სოფელ ორალში რომ მივედით, ქნარიკ კუზატიანი კარტოფილს არჩევდა. კარგს და დიდი ზომისას გასაყიდად ამზადებდა, წვრილებს საქონლისთვის, საშუალოებს კი ოჯახში საკვებად ახარისხებდა. დიასახლისი მოსავლით უკმაყოფილოა, სოფელში სარწყავი წყალი არ აქვთ და ნათესების მორწყვა ვერ შეძლო. წელს მხოლოდ ერთ ტონა კარტოფილს გაყიდის. ამის გამო ოჯახს ეკონომიის გაკეთება ბევრ რამეზე მოუწევს.
„დიდი, კარგი კარტოფილი 70 თეთრი ღირს, არადა აგვისტოში ლარად გაყიდა ხალხმა. დაბალი ფასია, არადა მუშაობა ძნელია. ჯერ არ გამიყიდია, რომ გავარჩევ, ვნახოთ, რამდენი გამოვა. შვილი მეხმარება, ყველაფერს ჩემთან ერთად აკეთებს. აი, ეს კარტოფილიც ერთად ამოვიღეთ“. რამდენი მამაკაცია გასული საქართველოდან რუსეთში და შესაბამისად, რამდენი ქალი უძღვება საოჯახო მეურნეობას მარტო - ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“, მოსახლეობაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ჯავახეთიდან რუსეთში სამუშაოდ მამაკაცების დაახლოებით, 70% მიდის. საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სეზონური სამუშაოები წლებია ქალების მძიმე ტვირთად არის ქცეული. „მიგრაციის პრაქტიკა ძალიან მაღალია ამ რეგიონიდან. მამაკაცები დაუცველ შრომაში არიან ჩართული და ამ კუთხითაც ხშირად არის გამოწვევები. დროულად ვერ იღებენ ხელფასებს, ოჯახებშიც ვერ აგზავნიან თანხას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ოჯახის რჩენის და რესურსების გადანაწილების ვალდებულება ქალებს აქვთ, რაც მათ ყოფას ართულებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა მამაკაცი სეზონურ სამუშაოებზეა, ქალებზე ძალიან დიდი ტვირთი მოდის. ეს უკავშირდება ოჯახის წევრებზე ზრუნვას, საშინაო საქმეებს, მეურნეობის გაძღოლას, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობას,,, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებში ქალების როლი იზრდება, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი - არა. ოჯახები საკმაოდ პატრიარქალურია და გაზრდილი პასუხისმგებლობების, ვალდებულებებისა და ტვირთის მიუხედავად, ქმრის მშობლებისგან და სხვა ნათესავების მხრიდან ქალების ცხოვრებაზე კონტროლი მაღალი რჩება“, - ამბობს თამთა მიქელაძე.
ჯავახეთში ქალები ამბობენ, რომ სოფლად მათი ცხოვრება მარტივი არ არის. მათ უნდათ, რომ შვილები ქმრებთან ერთად გაზარდონ, საქმეები თანაბრად გადაინაწილონ, გადაწყვეტილებები ერთად მიიღონ.
რუსეთის მიერ, უკრაინაში წამოწყებულმა ომმა შრომითი მიგრაცია კიდევ უფრო გაართულა. მამაკაცები ჩივიან, რომ მშენებლობებმა იკლო და თუ ასე გაგრძელდა, საქართველოდან ჩასული მუშახელი აღარ დასჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში პირებს, რომლებიც ოჯახებს რუსეთიდან არჩენენ, ან საქართველოში დაბრუნება, ან დასაქმების ახალი ბაზრის მოძებნა მოუწევთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.