საპენსიო სესხების რეკლამირება აიკრძალება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება.
„სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან.
აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.