საზოგადოება
თბილისსა და ოთხ რეგიონში სტიქიას ებრძვიან
ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ალგეთის, ხრამის და დებედას ადიდება გამოიწვია, რის შგაშედეგაც დაიტყორა მარნეულის რამდენიმე უბანი, განსაკუთრებით 9 აპრილის ქუჩა და ბაზრის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
ადიდეულმა ალგეთმა გაარღვია ნაპირსამაგრი ჯებირი. წყალი შესულია სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებში, ჩარეცხილია ალგეთთან მისასვლელი არაკაპიტალური გზა. რთული ვითარებაა სადახლოს თემში, რომელიც მარნეულიდან 40 კილომეტრში მდებარეობს და აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის წითელი ხიდის მონაკვეთს ესაზღვრება.
მდინარე დებედა ნათესევბში შევარდა, წყალმა სახლებიც დატბორა. სტიქიური უბედურების ადგილზე იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სამაშველო ჯგუფები. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, ასევე ზარალის დამთვლელი კომისია. პრევენციის მიზნით, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან.
კახეთში სტიქიამ გაზისა და წყალმომარაგების სისტემები დააზიანა. დატბორილია ხორბლის ყანები, ვენახები, ხეხილის ბაღები, სიმინდისა და მზესუმზირის ნათესები. თურდოს ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა გაზსადენიც. გაზის მიწოდება შეუწყდა სოფლებს. ადგილობრივების თქმით, წლიდან წლამდე ხევების კალაპოტი არ გაწმენდილა, რის გამოც ისინი მუდმივად ზარალდებიან.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთში, დატბორილია სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა - სტიქიამ დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება. მცხეთის მერიის ინფორმაციით კი, წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ცხვარიჭამიის, ლისის, ძეგვის, ნიჩბისის, ძალისის წეროვნის და ნავდარაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში.
Տարածեք :