საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება
სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემოდგომაზე მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდაძემ განაცხადა ბრიფინგზე.
აღწერა ორეტაპიანია. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე მონაცემების შევსება მოქალაქეებს თავად შეეძლებათ სპეციალურ ვებსაიტზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე კი საქსტატის თანამშრომლები კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავენ მოსახლეობას.
იმის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან რეგიონებში გვიან შემოდგომითა და ზამთარში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, გამოკითხვა ჩატარდება უფრო ადრე, სექტემბერში.
მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის (ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები - 2026 წლის ივნისში.
საყოველთაო აღწერა ქვეყანაში ყოველ 10 წელში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2014 წელს ჩატარდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში ცხადდება ვაკანსიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმწერის პოზიციაზე.
,,სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს. აღმწერის ხელფასი კი 750 ლარია (დარიცხული).
აღმწერის ძირითადი ფუნქციებია: მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.
აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება უკვე გამოცხადდა. დასაქმების მსურველებსგანაცხადის გაგზავნა შეუძლიათ Hr.gov.ge -ზე, Jobs.ge-ზე ან ასევე შესაძლებელია შეავსონ განაცხადი საქსტატის ვებ-გვერდზე Geostat.ge.
დასაქმების მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაცხადი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (ეგნატე ნინოშვილის 55) ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში წარადგინონ.
აღწერა წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ამასთან ერთად, სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.
ქვეყნის ეკონომიკის უკეთ სამართავად ადგილობრივი თვითმართველობითი და მმართველობითი ორგანოებისათვის აუცილებელია თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობისა და მისი შემადგენლობის ცოდნა", - აღნიშნავენ "საქსტატში".