საზოგადოება
"ყველა სერვისი გაქრება" - თამუნა კაპანაძე
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარების განვითარება - ეს იმ შესაძლებლობების არასრული ჩამონათვალია, რასაც "ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი", უკვე 18 წელია რეგიონის ახალგაზრდებს აძლევს.
თუმცა ეს პროგრამები შესაძლოა, გაქრეს დაახლოებით, ერთ თვეში, როცა კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მედია და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებას დაავალდებულებს.
“ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი” 2006 წელს, გერმანული სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის (DVV International) მიერ დაარსდა. მისი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას ასაკის განურჩევლად მისცეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება და განუვითაროს უნარები. ცენტრის პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაც არის.
„ამ ცენტრებმა ადგილზე გააჩერა მოსახლეობა - ხელს უშლის მიგრაციას, ქმნის სამუშაო ადგილებს, მოქალაქეებს აძლევს თვითდასაქმების საშუალებას, სხვადასხვა უნარებში ხდება მათი გადამზადება, ააქტიურებს ახალგაზრდებს. ჩვენნაირ, პატარა ქალაქებში ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდაა, რომლებიც მოდიან და სხვადასხვა უნარს ივითარებენ. თვითდასაქმებულიც ბევრია მათგან, ვინც ჩვენი ცენტრიდან წავიდა - განსაკუთრებით ჭრა-კერვის და შედუღების კურსების გავლის შემდეგ. არაფორმალური განათლების პლუსი იმაშია, რომ მოქნილია, შეუძლია უცბად უპასუხოს გამოწვევას, მაგრამ ახლა უკვე შეიძლება, რომ ეს სერვისი გაქრეს“ - ამბობს, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი თამუნა კაპანაძე.
მისი თქმით, წელს ცენტრი, 700 ადამიანისთვის სხვადასხვა უნარების განვითარებას გეგმავს, წელიწადში კი საშუალოდ, 2 000-მდე მომხმარებელი ჰყავთ. დაარსებიდან დღემდე ცენტრმა 17 903 ბენეფიციარი გადაამზადა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 14 ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
სამცხე-ჯავახეთში არსებული ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით მუშაობს. ისევე, როგორც მედიაორგანიზაციები, მათაც არ იციან, ე.წ "რუსული კანონის" ამოქმედების შემდეგ რა ფორმით, ან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს ე.წ "რუსული კანონი" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კანონის მიხედვით, მედიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მ, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. ივნისის თვეში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურს სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
Տարածեք :