„ახალციხის ციხე“ 62 371 ვიზიტორმა მოინახულა
"ახალციხის ციხის"დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, 2023-2024 წლებში გაწეული სამუშაოების, ჩატარებული ღონისძიებებისა თუ ვიზიტორების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ზაზა თამარაშვილის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახალციხის ციხეს 62 371 ვიზიტორი ეწვია, აქედან საქართველოს მოქალაქე 41 420 ვიზიტორი იყო, უცხოეთის მოქალაქე კი 20 951 ვიზიტორია.
"ციხის ტერიტორიაზე არაერთი ღონისძიება განხორციელდა, გარდა ამისა ჩვენ ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტებიც გვქონდა. გაკეთდა ციტადელის მოაჯირები, გამოსაცვლელი ოთახები, სათვალთვალო კამერები, გარე მოხმარების სკამები, საინფორმაციო ცენტრის კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა და დამონტაჟდა დურბინდი" - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ზაზა თამარაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ჯამში ათი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო სახელწოდების არმქონე ქუჩებისთვის სახელების მინიჭებაზე და ასევე, 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ.
ბიუჯეტში შესული ცვლილება იყო სხვადასხვა პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება. ამასთან ერთად, თანხები შემცირდა მუნიციპალიტეტის მერიის შრომის ანაზღაურების, გზების მშენებლობის, ბაღების რეაბილიტაციის ნაწილში ჯამში 673 000 ლარით და გაიზარდა წყალსადენის და საკანალიზაციო ქსელის ნაწილში, ასევე წყალმომარაგების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის, სპორტული ობიექტების აღჭურვისა და კულტურული მემკვიდრეობისა, ასევე რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის ნაწილში.