"მესამე სექტორი რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს"- ეკა გიგაური
"ვფიქრობ, ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს იმის გამო, რომ 1 პროცენტიც არ არის, ვინც რეესტრში რეგისტრირდება - ვიცით, რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი არჩევნებზე დაკვირვებაა", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე სექტორი რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.
რეესტრში არ დარეგისტრირდება "სამართლიანი არჩევნებიც", ამის შესახებ ჟურნალისტებს, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის ღირსების შემლახავი და ის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გამოიწვევს.
„ჩვენ არ ვაპირებთ „რუსული კანონის“ შესაბამისად და მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანი უფლებებს, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ზოგადად, დემოკრატიულ განვითარებას, ამიტომ ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ რეგისტრაციას და არც დავრეგისტრირდებით,“ - განაცხადა დოლიძემ.
მცნობისთვის, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა დღეს, 2 სექტემბრს იწურება.