ბორჯომში სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა გაიხსნა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
თეა ახვლედიანმა მონაწილეებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, ასევე არსებულ შედეგებსა და სამომავლოდ დასახულ გეგმებზე.
სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის პროგრამაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან 70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის დანერგილი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ; შეხვედრები დაეთმობა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მედია-წიგნიერება, ახალგაზრდული ლიდერობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ქალთა უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვა.
„ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ინიციატივა ძირითადად ორიენტირებულია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის მრავალმხრივ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და მათ შორის კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას.
რამდენიმე დღის განმავლობაში ტრენინგ-სემინარი სამ ნაკადად უმასპინძლებს ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც, მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პრიორიტეტებს, აიმაღლონ ცნობიერება სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის გახსნილი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების თაობაზე, ინტერაქციულ რეჟიმში გააჟღერონ საკუთარი შეხედულებები და მოახდინონ თავიანთი იდეების გენერირება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
თეა ახვლედიანმა სკოლის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.
„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.