აშშ-მ სეისმური მონიტორინგის ცენტრს დაფინანსება შეუჩერა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფო სსიპ-ია, შესაბამისად, ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო დააწესა, შეეხო მიზნობრივ პროგრამასაც, რომლის ბენეფიციარებიც ჩვენ ვიყავით , - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც გოდოლაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარება გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული.
"დღეს, ბევრი თქვენგანი, მიწისძვრის მოხდენის შემდეგ, სხვადასხვა უცხოური გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მიწისძვრის ეპიცენტრს გვაწვდის ხოლმე სოციალურ ქსელში. დიახ, ეს ჩვენი სეისმური ქსელის მონაცემებია, რომლებსაც უცხოური სააგენტოები იყენებენ და აქვეყნებენ. ჩვენ დამსახურებულად გავხდით მსოფლიო სეისმური მონიტორინგის ნაწილი და ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სერვისი მაღალი ხარისხისაა, ზუსტია და ღიაა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. ჩვენი სამთავრობო უწყებები მყისიერად იღებენ ინფორმაციას სატელეფონო გზავნილისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გვაქვს მაღალი ხარისხის სასერვერო სისტემა, რომელიც მთლიანად აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის მიზნობრივმა პროგრამამ დააფინანსა და დღემდე ფინანსურად გვეხმარებოდა შეგვენარჩუნებინა და მოგვევლო ამ მეტად რთული და კომპლექსური სისტემისათვის.25 წლის განმავლობაში, აშშ-ის გუნდთან ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა, მეტიც, ჩვენ მეგობრებიც ვართ და დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს"-წერს თეა გოდოლაძე.
მისივე თქმით, ახლა ისინი სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე მუშაობდნენ, რომელსაც აშშ აფინანსებდა. დაფინანსება შეუჩერდა ასევე, მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების ნაწილს.
"ჩვენ სამეცნიერო გუნდში 80 თანამშრომელია. ამჟამად, 49 სეისმური სადგური გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით და 160-მდე გეოდეზიური როგორც მუდმივი, ასევე დროებითი სადგურები. ჩვენი სამეცნიერო მიმართულება გამართული, მოსავლელად უსაშველოდ რთული ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების, სახელმწიფო დაცვის, ინტერნეტ მომსახურების და საველე ავტომანქანების შეკეთების ყოველწლიური ხარჯების შემდეგ, ჩვენს წლიურ ბიუჯეტში თავისუფალი 24 000 ლარი რჩება. დიახ, გვეხმარებოდა აშშ. დღეს საკმაოდ მძიმე რეალობაა. ჩვენი კომერციული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიმდინარე საჭიროებებს, მაგრამ საკმარისი არ არის. 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტი კი არ გაგვეზარდა, ყოველწლიურად მცირდება. სეისმური სადგურის ერთი კომპლექტი 50 000$ USD-ია თანმდევი ხარჯით. ეს ხომ აპარატურაა, შესაძლებელია, გაფუჭდეს, ჩვენთან მოულოდნელი არაფერია, მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. ჩვენს თანამშრომლებს მწირი ბიუჯეტის გამო, ჯანმრთელობის დაზღვევაც კი არა აქვთ“ - წერია გოდოლაძის პოსტში.
აშშ-ს მხრიდან, ისევე, როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრისათვის დაფინანსების შეჩერების, ასევე სხვა უწყებებისათვის ფინანსური შეზღუდვების მიზეზი, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ "რუსული კანონის" მიღებაა.